Site icon Civil.ge

ჭიათურაში პოლიციის შენობიდან მოქალაქის „გადმოხტომის“ საქმეს იძიებენ

ფოტო: facebook.com/MIAofGeorgia/

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ საჩხერე-ჭიათურის საპოლიციო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან მოქალაქის „გადმოხტომის ფაქტზე“ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის საქმეს იძიებს, რამაც „ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.

საგამოძიებო სამსახური საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის II ნაწილით იძიებს, რაც 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

რა მოხდა ჭიათურაში? მედიის ვერსია

მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ჭიათურაში 14 აპრილს მოხდა. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ 15 აპრილის ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში ავტომობილით შეეჯახნენ, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, კი — საკუთარი „დანაშაულის დასაფარად“ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ტელეკომპანია პირველის“ ვერსიით, ოჯახი ეჭვობს, რომ დაზარალებულს „პოლიციელებმა ჯერ განყოფილებაში სცემეს და შემდეგ შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს“.

ტელეკომპანიის თქმით, პოლიციელებმა ოჯახის წევრებს გვიან ღამით აცნობეს, რომ მათი შვილი შენობის მეორე სართულიდან გადმოხტა.

დაშავებულის დედამ „ტელეკომპანია პირველს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, მისმა ვაჟმა პატრულის მანქანას ფეხი მიარტყა, რის შემდეგაც, მას სცემეს და „მანქანაში ჩატენეს“.

მისივე განმარტებით, არ იცის ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში რა მოხდა, მხოლოდ უთხრეს, რომ მისი ვაჟი ფანჯრიდან გადმოხტა. „ეს ხელებშეკრული ბიჭი როგორ გადახტა, მე არ ვიცი“, — უთხრა მან ჟურნალისტს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

დაზარალებულის დეიდამ, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში მოინახულა, თქვა, რომ მისი დისშვილი ისეა შეშუპებული, რომ „თვალები საერთოდ“ აღარ უჩანს, ბარძაყთან მოტეხილი აქვს ფეხი, ასევე ხელი და თავი ხუთ ადგილას აქვს გატეხილი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა „მძიმეა“. „გამიჭირდება მომავალი შეფასებები გავაკეთო“, უთხრა მან ჟურნალისტს.

„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, შსს-ს სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულის დამალვას ცდილობს. ტელეკომპანიის ვერსიით, შსს-ს წარმომადგენლები „ჭიათურაში კარდაკარ დადიან და აჩუმებენ ყველას, ვინც კი შესაძლოა, მომხდარზე რამე იცოდეს“ და მაღაზიების, კაფეებისა და აფთიაქების მფლობელებს აფრთხილებენ, რომ კამერების ჩანაწერები არავის აჩვენონ.

საქმეზე უფრო მეტი დეტალის გასაგებად „სამოქალაქო საქართველო“ შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის გამოხმაურება

ჭიათურაში მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე ეფექტიანი რეაგირების არქონა კვლავაც სისტემური გამოწვევაა“.

ორგანიზაციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის „დროული და ეფექტიანი“ გამოძიებისკენ, შსს კი — უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და პარლამენტმა უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეალური, ფუნქციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რათა ძალის გადამეტების შემთხვევები ეფექტიანად იყოს გამოძიებული“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)