საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე, ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კანიაშვილი, კიდევ ერთ ქართველთან, კახაბერ ნათაძესთან ერთად 9 დეკემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგარას მიმდებარედ დააკავეს.
ოკუპირებულ ცხინვალის ხელისუფლებამ ორივე მათგანს „საზღვრის უკანონო კვეთაში“, ასევე ერთ-ერთ მათგანს, სავარაუდოდ ნათაძეს, ნარკოტიკების კონტრაბანდაში დასდო ბრალი.
მარტის დასაწყისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ კანიაშვილს ექვსი თვით, ხოლო ნათაძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდეს.
ნათაძის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)