ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატი კობა ნაყოფია, ასევე დეპუტატი ეკა ხერხეულიძე და ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.
დელეგაციამ, რომელმაც უკრაინაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია 15 აპრილს გაავრცელა, ქალაქი ბუჩა მოინახულა და კიევში „ვერხოვნა რადას“ წევრებს შეხვდა.
„ბუჩაში ჩამოსვლის მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ უბრალოდ ვთქვათ, რასაც რუსეთი აკეთებს გენოციდია“, – უთხრა მელიამ ჟურნალისტებს ბუჩაში. „გვინდა გავაძლიეროთ ის რწმენა, ერთად ყოფნის განცდა და ემოცია, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“.
„დღეს უკრაინა გახდა სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო და ცოტა ხანში, უკრაინა გახდება ამ სისასტიკეზე, სიველურეზე და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო“, – დასძინა მან.
ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 18 აპრილს განაცხადა, რომ ვიზიტი გამომდინარეობს „იმ საერთო სულისკვეთებიდან, იმ საერთო ემოციიდან, რაც აერთიანებს ქართულ საზოგადოებას, ეს არის უკრაინის გვერდში დგომა“.
უკრაინაში ფარულ ვიზიტს ენმ-ის მიმართ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „ტელეკომპანია პირველის“ კრიტიკა მოჰყვა.
„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მის არხს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს. მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციამ კრიტიკულ მედიას, „ყველა პოლიტიკური პარტიის გავლენებისგან თავისუფალ მედიას“, ინფორმაცია დაუმალა.
მელაძის თქმით, მანამდე ასე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იქცეოდნენ. „მედიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ამ საქციელს, ეს არის ოპოზიცია, თუ ხელისუფლება. კრიტიკული მედიისთვის და ნებისმიერი ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაციის მიღების და გავრცელების საშუალება“, – განაცხადა მან.
იმავდროულად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არ შეუერთდნენ მრავალპარტიულ საპარლამენტო დელეგაციას და სანაცვლოდ, უკრაინაში ცალკე ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარტია მოქალაქეებიდან განაცხადა, რომ უმსხვილესმა ოპოზიციურმა ჯგუფმა „ვიწროპარტიული ინტერესებით“ მოქმედება არჩია.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართველმა დეპუტატებმა უკრაინაში ერთობლივ ვიზიტი შეაჯამეს
- ენმ-ის გამოკლებით ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ
- შალვა პაპუაშვილი უკრაინაში გაემგზავრება
- უკრაინის „რადას“ სპიკერი ბუჩაში ჩასვლაზე პაპუაშვილის უარს პასუხობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)