თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილისთვის „სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა“ დაავალა.
თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობის მეორე ნაწილი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ, სასამართლოს პენიტენციური სამსახურის დირექტორისთვის სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრების დაშვება დაევალდებულებინა.
მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე იხილებოდა, მიხეილ სააკაშვილმა დარბაზიდან გაყვანა და ექიმის დახმარება ითხოვა.
სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნებულმა სააკაშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი „ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი“, რადგანაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მისი ე.წ. „რეფიდინგის პროგრამა მთლიანად ჩავარდა“. „იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს“, – თქვა მან.
სააკაშვილის განცხადებით, იგი საკვებს „პრაქტიკულად“ ვერ იღებს, ბოლო დღეების განმავლობაში კი 12 კგ დაიკლო და ახლა იმავე წონაზეა, რაზეც „შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში“.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას მუდმივად ზოგადი სისუსტე და სრული უძილობა აწუხებს. „კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში, ხელებში… ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება ამის მოხსნა“, – განაცხადა მან.
სააკაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება მისი ამჟამინდელი მდგომარეობის სამკურნალოდ „საერთოდ არ არის მორგებული“, იგი მადლიერია იქაური ექიმების, რადგანაც ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ.
საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკითხი მუდმივად სადავო იყო, რაც იგი გასული წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა და დააკავეს.
დაკავებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს დათანხმდა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე ხელისუფლების შეთავაზებას, სადაც მან 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. თითქმის თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, იგი 30 დეკემბერს კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.
ამის შემდეგ, უკვე მიმდინარე წლის 21 თებერვალს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ომბუდსმენისა და ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმთა დასკვნების შესაბამისი მკურნალობის მოთხოვნით, კვლავ „სრულ უვადო“ შიმშილობას იწყებდა.
მიხეილ სააკაშვილმა ხელახალი შიმშილობა 10 მარტს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისივე თქმით, ამის შესახებ ქართველმა მებრძოლებმა და უკრაინის უმაღლესმა მთავარსარდლობამ სთხოვა.
გორის სამხედრო ჰოსპიტილიდან რუსთავის ციხეში დაბრუნების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან არც მის პირად ექიმს უშვებდნენ და არც კონსილიუმის წარმომადგენლებს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მკურნალობაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას და სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.
ამბის წინაისტორია
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)