ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის/სამხრეთ ოსეთის პრესსამსახურმა 20 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა მოსკოვში ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებასა და რუსეთის საბიუჯეტო თანხების ეფექტიან ხარჯვაზე.
ბიბილოვმა და კოზაკმა ასევე იმსჯელეს სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურებისა და საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების მომზადებაზე. ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ შეთანხმებებს ხელს მაისში მოაწერენ.
„რუსულმა მხარემ რიგ საკითხებზე ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შემდგომი კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი… და იმედი გამოთქვა, რომ ოსი პარტნიორები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტაბილურობას რესპუბლიკაში და რუსეთისკენ ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
უცნობია, როდის გაემგზავრა ცხინვალის რეგიონის ლიდერი მოსკოვში, ან რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ვიზიტი რუსეთში.
ბიბილოვის ვიზიტი მოსკოვში წინ უძღვის 28 აპრილს რეგიონში დანიშნულ მეორე ტურებს, სადაც ოკუპირებული რეგიონის მოქმედი ლიდერი ოპოზიციის ლიდერის, ალან გაგლოევის წინააღმდეგ იბრძოლებს.
ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა „რუსეთთან მიერთება“ იყო. მის ამ განცხადებას, რომელსაც რუსი დეპუტატები მაშინვე მიესალმნენ, თბილისისა და დასავლეთის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)