Site icon Civil.ge

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს, 23 ნოემბერი, 2018, ფოტო: patriarchate.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში დაწერა, რომ „უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს“.

„დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს“, — აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.

ეპისტოლეს თანახმად, „ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება“.

კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო წერილის თანახმადვე, „ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს“.

ამასთან, ეპისტოლეში ნათქვამია, რომ „ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან“ საბრძოლველად ადამიანს გარდაუვალი ომი უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან. „მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას“, წერია პატრიარქის ეპისტოლეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)