Site icon Civil.ge

ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 მაისისთვის გადაწიეს

ოკუპირებული ცხინვალის სამხრეთ ნაწილის გარეუბანი, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებული სოფელ ნიქოზიდან მოჩანს, 10 აპრილი, 2022 ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 მაისისთვის გადაწია.

თარიღის შეცვლას წინ უძღოდა რეგიონის „უზენაესი სასამართლოს“ 23 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც 28 აპრილს, ხუთშაბათ დღეს, მეორე ტურის გამართვა უკანონოდ გამოცხადდა. სასამართლოს შესაბამისი სარჩელით ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ, რადისლავ უთაროვმა, აზამათ თანდუევმა და გეორგი გაგკუევმა მიმართა.

თავდაპირველად, მეორე ტურის 28 აპრილს, ხუთშაბათს, ჩანიშვნის მიზეზად ცხინვალის საარჩევნო ადმინისტრაციამ ის ფაქტი დაასახელა, რომ 24 აპრილის კვირა დღე აღდგომას ემთხვეოდა, მომდევნო კვირის 1 მაისი კი — მშრომელთა საერთაშორისო დღეს.

ცხინვალის რეგიონში „არჩევნების“ პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. მეორე ტურში პირველ ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი მოქმედ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს დაუპირისპირდება.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ არ ცნობს თბილისი, ევროკავშირი, აშშ, ეუთო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, გარდა რუსეთისა და რამდენიმე მისი სატელიტი სახელმწიფოსი, რომლებიც რეგიონის თბილისიდან დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)