ულტრამემარჯვენე პარტია – კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ მახარაძე გიორგი ქარდავამ შეცვალა.
26 აპრილს, პარტიის კუთვნილ ინტერნეტტელევიზია „ალტ-ინფოსთან“ საუბარში მახარაძემ წასვლის მიზეზად მის პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეები დაასახელა.
„ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ“, – თქვა მან.
მახარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი ამჟამინდელი მდგომაროების გათვალისწინებით პარტიის თავმჯდომარის ფუნქციების შესრულება „ფაქტობრივად შეუძლებელია“.
„ამ რთული პერიოდის დროს, რაღაცა მომენტში, ბიჭებს ვთხოვე და, ფაქტიურად, გადამეფარნენ…, როცა ძაან მჭირდებოდა, მეც მომიწია წასვლა“, – თქვა მან.
„საქმის ინტერესები როგორც მოითხოვს, ისე ვიქცევით, ყოველთვის, ჩვენ… დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენს ჯგუფში ვინ არის გენერალური მდივანი და ვინ არის თავმჯდომარე“, – ხაზი გაუსვა მახარაძემ.
ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური სააღდგომო მარხვის მთელი 48 დღე მან მონასტერში გაატარა. მახარაძემ კონკრეტული მონასტერი არ დაასახელა და განმარტა, რომ გამხელის შემთხვევაში, „ჭინკები, რომლებსაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტები ჰქვიათ, ეგენი მამაოებს შეაწუხებენ“.
მახარაძემ ასევე უარყო გუნდში განხეთქილებისა და მისი მოსკოვში ჩასვლის შესახებ გავრცელებული ცნობები.
„ალტ-ინფოს“ ლიდერებმა, რომლებიც ანტილიბერალური, ანტიმუსლიმური და ანტილგბტ გზავნილებით არიან ცნობილნი, პოლიტიკური პარტია გასული წლის ნოემბერში დააფუძნეს. პარტიის თავმჯდომარედ მახარაძე სწორედ მაშინ აირჩიეს.
მარტის შუა რიცხვებში, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, მახარაძემ განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თბილისში არ იქნებოდა და სხვა ფორმატში მოუწევდა მუშაობა. მისმა ნათქვამმა გააჩინა ვარაუდი, რომ იგი მოსკოვში გაემგზავრა.
კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ მახარაძის წასვლის შესახებ ცნობები მედიაში 25 აპრილს გავრცელდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)