საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო ინფორმაცია რუს ოლიგარქ ალი უზდენოვთან შეხვედრის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სანქცირებულმა ოლიგარქმა და კორპორაცია „Sistema JSFC-ის“ აქციების საკონტროლო პაკეტის ყოფილმა მფლობელმა, ვლადიმირ ევტუშენკოვმა საქართველოში ბიზნესწინადადებით გამოგზავნა.
ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მას „გარკვეული ბიზნესშემოთავაზებებით“ ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიმართა, რომელიც თბილისში უზდენოვთან ერთად გამოგზავნეს.
„ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ისინი ადგილობრივ ბიზნესმენებთან გადააამისამართა.
„საერთოდ, რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა?“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ უზდენოვის ჩამოსვლას საქართველოში „არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი“ არ მოჰყოლია.
ორ აუდიოჩანაწერზე საუბრისას, სადაც, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უზდენოვის ვიზიტის შესახებ ესაუბრება, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ჩანაწერების გამავრცელებლების „ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება“.
„ისინი გამწარებულები და სასოწარკვეთილები არიან, მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნა მან.
„ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ფორმულას ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია. ეს შეიძლება რაღაც ზღაპარში ეწეროს. არ ვიცი, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მე მაქვს ძალიან ბევრი საკითხი და საფიქრალი, რომელზეც ვფიქრობ“, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, რომ „გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია [რუსეთისთვის დაწესებული] სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება“.
ასევე წაიკითხეთ:
- ურთიერთგამომრიცხავი ცნობები რუსი ბიზნესმენისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის თაობაზე
- აუდიოჩანაწერები ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ბიზნესმენს შორის სავარაუდო გარიგებას ასახავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)