Site icon Civil.ge

ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ვიზიტი დაასრულა

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - ილია დარჩიაშვილი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, 27 აპრილი, 2022, ფოტო: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბაქოში 26-27 აპრილის ვიზიტი დაასრულა, სადაც იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერმინისტრ ალი ასადოვს, აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ეროვნული ასამბლეის სპიკერ საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ, პრემიერ ასადოვთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს და  რეგიონის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და აზერბაიჯანის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

ენერგოკავშირებისა და უსაფრთხოების კონტექსტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მნიშვნელობა აღნიშნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის განახლების ფონზე ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვის გამო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ ორი ქვეყნის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელმა  ხშირმა ორმხრივმა ვიზიტებმა და მაღალი დონის პოლიტიკურმა დიალოგმა კავშირების შემდგომ განვითარების დადებითი იმპულსი მისცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე 27 აპრილს, ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაში საპარლამენტო განზომილების დიდ როლზე გაამახვილეს ყურადღება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მანამდე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)