Site icon Civil.ge

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, 26 თებერვალი, 2022, ფოტო: President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რუსულ ბიზნესთან კავშირების საკითხს გამოეხმაურა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ბიზნესკავშირების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევამ „აჩვენა, თუ რატომ თქვა საქართველოს ხელისუფლებამ უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაკისრებაზე“.

„რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ადგილობრივი ოლიგარქის ივანიშვილის [რუსული] ბიზნესია“, – განაცხადა პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკურმა მრჩეველმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა პრორუს ოლიგარქს „დეოლიგარქიზაცია“ ელის.


თავად ივანიშვილი კვლევას ამ დრომდე არ გამოხმაურებია. თუმცა, ქართული ოცნების კომუნიკაციების დეპარტამენტმა დოკუმენტს მანიპულაციის კლასიკური მაგალითი უწოდა, რომლის მიზანიც საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციაა.

ამავე განცხადებით, ბოლო პერიოდში, „რადიკალურ ოპოზიციას, ზოგიერთ მედიაორგანიზაციასა და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ზღვარი წაშლილია და ისინი ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ“.

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ქართული ოცნება არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის დისკრედიტაციის მცდელობის გამო გააკრიტიკა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)