Site icon Civil.ge

კიევის თქმით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 26 თებერვალი, 2022, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრებზე რუსული პროდუქციის რეექსპორტის თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაადანაშაულა.

„დაგეგმილია, რომ [რუსული პროდუქციის] მიწოდება განხორციელდება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის სახით და შემდეგ [მოხდება] მათი მესამე ქვეყნებში ექსპორტი“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა 1 მაისს.

უწყების თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანია ჩამოყალიბდა.

დაზვერვის სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსულ კომპანიებს, რათა მათ ბიზნესი აწარმოონ, განსაკუთრებით ინტერნეტ-ტექნოლოგიების (IT) სფეროში.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, სომხეთში, დაახლოებით, 85 000 რუსეთის მოქალაქე და 113 IT კომპანია ჩავიდა“, – ნათქვამია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

„რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე თითქმის 1 000 კერძო საწარმო და 250 შპს ჩამოაყალიბეს, რომლებიც გადასახადებს ორივე ქვეყნის – სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტებში იხდიან“, – ვკითხულობთ იქვე.

მანამდე, აპრილში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს. ეს ბრალდება საქართველოს ხელისუფლებამ უარყო. დაზვერვის სამსახურმა მაშინ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ.

მაშინ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინას მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ მოაწოდოს კიევის მიერ გაჟღერებული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „წინასწარგანზრახულ დეზინფორმაციად“ ჩაითვლება.

კიევის ბრალდება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც უარყო და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ [მისი ტერიტორიის გავლით] რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს“.

თუმცა, ომის დაწყების პირველივე დღეებში, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

უკრაინული მხარის ახალი ბრალდება თბილისსა და კიევს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაჟღერდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციისა“ და მოხალისე მებრძოლების ჩარტერული რეისით გაგზავნაზე უარის შემდეგ, თბილისიდან ელჩიც გაიხმო.

კიევიდან გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მთავრობის წევრები „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის“ მოხდენას ცდილობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)