საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს უარყო კიევის „სრულიად გაუგებარი“ ბრალდება, თითქოს, საქართველოს რუსეთთან რუსული პროდუქციის რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებები აქვს.
მინისტრის თქმით, კიევისგან მსგავსი შინაარსის ბრალდება უკვე მეორედ მოვისმინეთ, თუმცა „სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით“.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებას კიევისგან დამატებით ინფორმაციას მოითხოვს, „თუ რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები“.
ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებთან სრულ შესაბამისობაში, როგორც ფინანასური, ისე კონკრეტულ საქონელთან მიმართებით დაწესებული სანქციების თვალსაზრისით.
მანვე განმარტა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში კითხვები არ აქვთ.
ლაშა ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს „ძალიან მკაცრი საბაჟო კონტროლი“ აქვს დაწესებული და დასძინა, რომ იმპორტირებულ საქონელს ის ქვეყნებიც ამოწმებენ, რომლებმაც რუსულ პროდუქციას სანქციები დაუწესეს.
„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რუსული პროდუქცია რომელიც არის აკრძალული საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყანაში“, – ხაზი გაუსვა ფინანსთა მინისტრმა.
„საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
„თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია [უკრაინის] დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი“, – ხაზი გაუსვა მან.
ოპოზიციის გამოხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ არსებობს „ძალიან სერიოზული ეჭვის საფუძველი“, რომ რუსეთი საქართველოს მართლაც იყენებდეს სანქციების გვერდის ავლისთვის.
აღნიშნულ კონტექსტში დეკანოიძემ ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ბიზნესმენ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის სავარაუდო სატელეფონო საუბარი და მის წარმომადგენლებსა და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სავარაუდო შეხვედრა გაიხსენა.
ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პარტია პრემიერ ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს, რათა საზოგადოებას აუხსნას „რა არის ის იურიდიული, სამართლებრივი და სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციების ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სწორედ ამ [სანქციებისთვის გვერდის ავლის] მიზნით“.
სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ინსტრუქცია, სადაც გაწერილი იქნება თუ რა ტვირთზე ვრცელდება შეზღუდვა. „ისე, ყველა ბრალდება, რომელიც იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან დასახელებული, იქნება სამართლიანი“, – ხაზი გაუსვა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- კიევის თქმით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება
- ქართული ოცნება უკრაინას ჰიბრიდულ ომში ადანაშაულებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)