30 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ღია საზოგადოება საქართველო“, მთავრობის მიერ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის პირველ ნაწილზე გაცემული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ 29 აპრილს პასუხების გამოქვეყნებაზე უარს მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ პასუხებში არის საკითხები, რომელთა გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ არის.
უფლებადამცველების 2 მაისის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გასაიდუმლოვდეს , თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას გაასაჯაროვოს პასუხები ან უარის შესაბამისი არგუმენტები წარმოადგინოს.
მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ამ კონტექსტში, ისინი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 88% უჭერს.
მათი განცხადებით, „იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს“.
- საქართველომ ევროკავშირის კითხვარის ნაწილი წარადგინა
- საქართველომ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარი მიიღო
საგულისხმოა, რომ მანამდე არასამთავრობო სექტორი ოპოზიციის მსგავსად მთავრობისგან თავად კითხვარის გამოქვეყნებასაც ითხოვდა.
მათ ვროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართეს და ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა სთხოვეს. ამის შემდეგ, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 15 აპრილს გამოაქვეყნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)