საქართველოს გენერალური პროკურატურის 3 მაისის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო გასული წლის აგვისტოში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაკავებული 5 პირი.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ მათგან ერთი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით (328-ე) ცნო დამნაშავედ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დანარჩენი ოთხი კი – ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის (327-ის I ნაწილი) მუხლით გაამტყუნა და თავისუფლება 10-10 წლით აღუკვეთა.
პროკურატურისვე განმარტებით, გამოძიებით დადასტურდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა საქართველოს მოქალაქემ ამავე ორგანიზაციაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გააწევრიანა, რომლებიც სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდნენ.
მსჯავრდებულები სამართალდამცველებმა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)