Site icon Civil.ge

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი, ფოტო: parliament.ge

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი, რომელიც 2-4 მაისს საქართველოს სტუმრობს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.

მილოშ ვისტრჩილთან ერთად თბილისში ასევე იმყოფებიან – სენატის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟირი დრაჰოში, ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრები – ჟირი დუშეკი, ჟირი ჩუნეკი და ზდენეკ ნიტრა, ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, ვლაცლავ ლასკა.

შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან 

3 მაისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა ორ ქვეყანას შორის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შემდეგ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩეხეთი, მათ შორის, თავმჯდომარეობის პერიოდში, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ პროცესის წინსვლას ევროკავშირში“.

ამავე ინფორმაციით, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარ პრიორიტეტებად რჩება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის შესახებ, რა დროსაც, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.

იმავე დღეს, მილოშ ვისტრჩილმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს, მათ შორის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და მანქანათმშენებლობის სფეროებში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კონტექსტში, ლევან დავითაშვილი მიესალმა თბილისში ჩეხეთის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს CzechTrade-ის ოფისის გახსნას.

თავის მხრივ, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა აღუთქვა.

პარლამენტში გამართული შეხვედრები 

მილოშ ვისტრჩილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2 მაისს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე, რა დროსაც, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრაზე ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატებთან თამარ ტალიაშვილთან, გიორგი ამილახვართან, გიორგი ხელაშვილთან და ირაკლი ჩიქოვანთან, მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ასევე 2 მაისს, სენატის პრეზიდენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა, მათ შორის, ხატია დეკანოიძეს ნაციონალური მოძრაობიდან, დავით უსუფაშვილს ლელოდან, გიორგი ხოჯევანიშვილს პარტიიდან საქართველოსთვის, თეონა აქუბარდიას სტრატეგია აღმაშენებლიდან და ალექსანდრე რაქვიაშვილს ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩიდან და მათთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

ხატია დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სენატის პრეზიდენტს ჩრდილოვანი და ოლიგარქიული მმართველობის შესახებ აცნობეს, რაც მისი თქმით, დემოკრატიისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

დავით უსუფაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ჩეხეთის დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით იკავებს, თუ არა საქართველო იმავე პოზიციას, როგორსაც ევროპული სახელმწიფოები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის შეკავებას ეხება.

სამოქალაქო საზოგადოება, მედია 

2 მაისს ჩეხი დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სიმონიშვილს, და „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელს და ყოფილ სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას, ასევე „სამოქალაქო საქართველოს“, „რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროსა და თბილისში მოქმედ რუსულენოვან ინტერნეტგამოცემა SOVA-ს ჟურნალისტებს შეხვდნენ.

„სამოქალაქო საქართველოს“ კითხვის საპასუხოდ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის შეხედულებები კარდინალურად შეიცვალა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად და აღნიშნა, რომ მანამდე, პრეზიდენტის შეხედულებები განსხვავდებოდა სხვა სახელმწიფო მოხელეების მოსაზრებებისაგან.

მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველა უმაღლესი სახელმწიფო მოხელე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელი ხალხის ბრძოლას რუსი აგრესორის წინააღმდეგ და ამავდროულად, ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას უწევს სამხედრო და ჰუმანიტარული სახის დახმარებას. თავის მხრივ, სენატი, დიდი ხანია, რაც იკავებს თანმიმდევრულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული და ჩინური ნედლეულის შეძენა რისკის შემცველია.

სენატის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა კვლავ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირისკენ მისწრაფებებს. ამასთან, ქვეყანა მზადაა საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმაროს.

სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე საუბრისას, მილოშ ვისტრჩილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება წარმოუდგენელია უკრაინაში ომის დასრულების გარეშე.


ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ბათუმსაც ეწვევა, სადაც ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)