Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პოლონეთში გამართულ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე - „უკრაინისთვის“, 5 მაისი, 2022, ფოტო: garibashvili.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მაისს პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე – „უკრაინისთვის“ – საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მკაფიოდ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად… ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, – დასძინა მან.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ უკვე გამოყო 7 მლნ აშშ დოლარი, უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარება.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის ბოლომდე უკრაინის დასახმარებლად საქართველო დამატებით 7 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.

„გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

„კვლავ დავძენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთობა უკრაინის აქტიური დახმარების მიმართებით გადაუდებელი და აუცილებლია საკითხია“, – თქვა მან სიტყვის დასასრულს.

კონფერენციას, რომელმაც უკრაინისთვის 6.5 მლრდ ევროს მოზიდვა მოახერხა, პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი მასპინძლობდა, შვედეთის პრემიერ მაგდალენა ანდერსონთან, ევროპის საბჭოსთან და ევროკომისიასთან ერთად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)