Site icon Civil.ge

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისს ესტუმრა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტარო ჰონდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს შეხვდა, ფოტო: საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტარო ჰონდა 3-4 მაისს საქართველოს ესტუმრა და ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს შეხვდა.

4 მაისს გამართულ შეხვედრაზე, ტარო ჰონდამ და ლევან დავითაშვილმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროებში.

„იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ“, – დასძინა მან დეტალებზე საუბრის გარეშე.

მისივე თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე, რომელიც „იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად“.

თავის მხრივ, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის სფეროსა და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიმართულებით.

4 მაისს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთვის 1.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკის გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ.

დახმარება მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანამდე 4 მაისს, იაპონელმა დიპლომატმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე ისაუბრეს.

ქართველ კოლეგასთან საუბრისას, ტარო ჰონდამ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იაპონიის მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ ტოკიო კვლავაც დაეხმარება საქართველოს განვითარების კუთხით.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ იმავე დღეს, იაპონელი დიპლომატი ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონიასთან ურთიერთობების გაღრმავება პერსპექტიული ვარიანტია, რადგან ქართული კომპანიები ახალი ბაზრების მოძიებას იწყებენ  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

ტარო ჰონდა თბილისში ერევანიდან ჩამოვიდა და საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ბაქოში გაემგზავრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)