წინასწარი შედეგების თანახმად, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი მოქმედ ლიდერ ანატოლი ბიბილოვს ამარცხებს.
საარჩევნო უბნების 18%-ის შედეგებზე დაყრდნობით, რეგიონის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ გაგლოევმა 59.22% (3 686 ხმა) მიიღო, ბიბილოვმა კი 37% (2 274 ხმა). 3.79%-მა (236 ხმა) ორივე კანდიდატი გადახაზა.
41 წლის გაგლოევი ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელია. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც იბრძოდა.
„ვამაყობ ხალხით, იმ ფაქტით, რომ ხალხმა თავისი აზრი გამოხატა, იმ ფაქტით, რომ ანატოლი ილიას ძე [ბიბილოვმა] არჩევნების შედეგები აღიარა“, განუცხადა ჟურნალისტებს გაგლოევმა, რომელიც რეგიონის მე-5 „პრეზიდენტი“ უნდა გახდეს.
თავად ბიბილოვმა დამარცხება მალევე აღიარა. „ხალხის არჩევანში ეჭვი არ შემაქვს, ვასრულებ ჩემს სიტყვას“, – აღნიშნა ბიბილოვმა და გაგლოევს წარმატება უსურვა.
პირველ ტურში ანატოლი ბიბილოვი 9 706 ხმით (34.95%) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პირველი ადგილი 10 707 ხმით (38.55%) ალან გაგლოევს ერგო. კიდევ სამი ოპოზიციონერი კანდიდატი, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ – ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, დეპუტატი გარი მულდაროვი და ყოფილი დეპუტატი დმიტრი ტასოევი – გაგლოევის გარშემო გაერთიანდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გაგლოევი აქტიურად განიხილავდა რეგიონში არსებულ „უკანონობას“, ძალთა გადანაწილების პრობლემას, სასამართლო სისტემას და თვითმმართველი ორგანოების სისუსტეს. იგი სოციალურ უთანასწორობასაც უსვამდა ხაზს, რა დროსაც, მისივე თქმით, რუსული ფული ძალაუფლების მქონე პირთა ჯიბეებში ხვდებოდა, ხოლო უამრავი ადამიანი გაჭირვებაში იმყოფებოდა.
საარჩევნო კამპანიის დროს, მოსკოვთან შესაძლო მიერთების საკითხიც დომინირებდა, რადგანაც 10 აპრილს გამართულ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიბილოვმა რუსეთთან მიერთების ინიციატივა გააჟღერა.
გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების იდეა „ამჟამად მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს“ და ბიბილოვი ამ საკითხის საარჩევნო მიზნით გამოყენების გამო გააკრიტიკა.
- ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 28 აპრილს ჩატარდება
- უკრაინაში საომრად წასული ოსი სამხედროები უკან დაბრუნდნენ
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში აღიარა.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს ნაწილად, ხოლო ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე დევნილი ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან.
აღსანიშნავია, რომ ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს თაობაზე სიტუაციის ესკალაციის შემდეგ, 2019 წლის სექტემბრიდან ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები დახურულია, რაც ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას დიდ სირთულეებს უქმნის.
მაშინ, როდესაც ბიბილოვი თბილისის მიერ პოსტის აღებამდე გამშვები პუნქტების გახსნაზე უარს აცხადებდა, გაგლოევმა დათმობითი პოზიცია გამოაჩინა.
აპრილის ბოლოს, ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გაგლოევმა დანარჩენ საქართველოსთან თავისუფალი გადაადგილების საკითხის მოგვარების პირობა დადო და თქვა, რომ „[ახალგორის] მოსახლეობამ ამ გზის გახსნა მოითხოვა… ჩვენ კვლავ შევიკრიბებით, რათა ეს პრობლემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)