რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეული ლიდერი, ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვას.
„რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს მათ ნებად რჩება. ამასთან, ვფიქრობ, რომ გაგლოევი ახლა მოიცდის, [მისი წინამორბედის, ანატოლი] ბიბილოვისგან განსხვავებით“, – იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ კალაშნიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„მართალია, მან ასეთი რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ეს დიდწილად დამოკიდებულია არა მათზე, არამედ რუსეთზე, იმაზე, თუ რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი საკავშირო სახელმწიფოს გაფართოებისთვის“, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
კალაშნიკოვის თქმით, იგი ფიქრობს, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში“, მოსკოვსა და ცხინვალს კარგი ურთიერთობები ექნებათ.
„რაც შეეხება რუსეთს – ვინც არ უნდა იყოს [სამხრეთ ოსეთის] პრეზიდენტი, ისინი საკმაოდ დადებითად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და ვფიქრობ, რაიმე სახის მოულოდნელობებს ადგილი არ ექნება“, – განაცხადა მან.
რუსმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ბიბილოვი სამართლიანად მოიქცა, როდესაც არჩევნებზე დამარცხება აღიარა.
„და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ვინც მის უკან დგას, მის მაგალითს გაიზიარებს და არჩეულ პრეზიდენტს მდგომარეობას არ გაურთულებს“, – დასძინა მან.
- ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე „სამართლებრივი ნაბიჯების“ გადადგმას გეგმავს
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ცხინვალში მიერთების კამპანია დაიწყეს
- კრემლი ცხინვალის რეგიონის შესაძლო მიერთების შესახებ
41 წლის ალან გაგლოევმა, რომელიც ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე და ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელია, 8 მაისს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.2% მიიღო და მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ხმების 43.3% მოაგროვა.
რუსეთთან მიერთების თაობაზე საუბარი ბიბილოვმა 10 აპრილს დაგეგმილ პირველ ტურამდე განაახლა.
მაშინ გაგლოევმა განაცხადა, რომ ბიბილოვი ამ საკითხს საარჩევნო მიზნით იყენებდა. მიუხედავად იდეის მხარდაჭერისა, გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების იდეა „ამჟამად მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს“.
თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა არჩევნები და რეფერენდუმისთვის მზადება დაგმო და მას არალეგიტიმური უწოდა.
ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)