Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის შენობა, წყარო: NBG

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 მაისს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა.

„ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ამასთან, სებ-ის განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ ასახვა საქართველოშიც ჰპოვა და ინფლაცია 12.8%-ზე დარჩა და რომ არა აღნიშნული შოკი, მისი სწრაფი შემცირება იყო მოსალოდნელი.

სებ-ის პროგნოზით, წლის განმავლობაში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა „გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება“.

ეროვნული ბანკის ცნობით, სამომხმარებლო და უცხოური ვალუტაში სესხების ხარჯზე საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე შენარჩუნდება. შესაბამისად, შესაძლოა, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული 25%-იანი ზედა ზღვარიც გაზარდოს.

„რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია“, – განაცხადა სებ-მა.

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკის 4.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)