Site icon Civil.ge

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს 

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში ევროკომისიის ბერლემონის შენობის წინ. ფოტო: Unsplash / Guillaume Périgois

ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ნიკოლას სენდროვიჩმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის პროცესის მიმდინარეობის ფონზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მთავარ გამოწვევებად დაასახელა.

12 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, სენდროვიჩმა აღნიშნა, რომ „კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გადასაწყვეტად არის, თუ არა ქვეყანა მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.

მისი თქმით, კომისია, რომელმაც საქართველოს წევრობის განაცხადზე მოსაზრება უნდა მოამზადოს, ინფორმირებულია „პრობლემების შესახებ – მოდით ასე ვთქვათ – სასამართლო სისტემის პოლიტიზებისა და დამოუკიდებელი ორგანოების რაოდენობის შესახებ“.

„იმან, რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, არ გააძლიერა ეს დამოუკიდებლობა და ვფიქრობ, პირიქით“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

სენდროვიჩის თქმით, რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა კონსენსუსს მიაღწიონ და გადაწყვეტილებები „ნორმალურად“ მიიღონ. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი არ უწყობს ხელს ასეთ ნორმალურ დისკუსიებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რაღაც ეტაპზე“, განაცხადის წარდგენის პროცესი გარკვეული პოლიტიკური არჩევნის გაკეთებასაც ითხოვს. „საქართველოს აქვს შესაძლებლობა და თქვენს ადმინისტრაციას და სამინისტროებს ნამდვილად აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა, თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომ ეს რთული არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა მან.

ამასთან, მან საქართველოს ზოგიერთი ძლიერი მხარეც გამოყო, რომელთაც კომისია მოსაზრებაში შეაფასებს – ესენია ეკონომიკა და საჯარო მმართველობა.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ეკონომიკა „დიდწილად თანხვედრაშია“ ევროკავშირის ეკონომიკასთან და მისი საჯარო მმართველობა „საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს“, რაც რიგი რეფორმების განხორციელების შედეგია.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ საქართველოს „ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება“ ჰყავს. 

პოლიტიკური ფაქტორები 

მართალია, სენდროვიჩმა თქვა, რომ განაცხადის წარდგენის პროცესში საქართველო მზად უნდა იყოს „რთული სამუშაოსა და საშინაო დავალების“ შესასრულებლად, მან აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები კანდიდატობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ძირითად პოლიტიკურ, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ფაქტორებსაც გაითვალისწინებენ.

„პოლიტიკური ფაქტორები ბევრად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე, მაგალითად, მიიღო თუ არა საქართველომ დირექტივა თმის საშრობებზე ენერგოეფექტიანობის მოთხოვნების შესახებ“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ წევრი ქვეყნები ყოველთვის არ ითვალისწინებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, როდესაც სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წყვეტენ.

მაგალითად, სხვა ფაქტორებს შორის, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება ასევე განიხილონ, რას ფიქრობენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთის ომის შესახებ და როგორ შეცვალა ამან გეოპოლიტიკური ბალანსი, განაცხადა სენდროვიჩმა.

„ეს არ არის ჩვეულებრივი გაფართოების პროცესი“, – განაცხადა მან. „ეს არის ღრმად გეოპოლიტიკური საკითხი და განხილულ უნდა იქნას იმ აგრესიული ომის ჭრილში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“. 

საქართველოს პოზიცია რუსეთზე დაკისრებულ სანქციებზე 

საქართველოს უართან დაკავშირებით შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს, სენდროვიჩმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, კომისიამ არც განიხილოს თბილისის პოზიცია მოსაზრების მომზადებისას.

„ვფიქრობ, ჩვენ გარკვეულწილად გვესმის საქართველოს პოზიცია“, – აღნიშნა მან.

„მართალია გვესმის, რომ არის რაღაც, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია და არ შეუძლია – შესაძლოა ეს კომუნიკაციის საკითხიც იყოს – ცოტა უხერხულია, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სანქციებზე არასრული დათანხმება წარმოადგინეს როგორც სარგებლის მიღების შესაძლებლობა საქართველოსთვის და ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, – დასძინა სენდროვიჩმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს განაცხადის განხილვისას, კომისია ძირითადად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს განიხილავს, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, „შესაძლოა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ“, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პოზიციას სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით.

საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადის წარდგენის დაჩქარების მიზეზად „საერთო პოლიტიკური კონტექსტი და ახალი რეალობა“ დაასახელა. მანამდე, საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)