ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლიანი პატიმრობის მისჯის გამო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში დაადანაშაულეს.
უარყო რა ბრალდება, ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმიანობიდან გამომდინარე, საკითხი ნამდვილად „პოლიტიკურად სენსიტიურია“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ „პოლიტიკურ დევნაზე“ უნდა ისაუბროს.
„თუ დანაშაული არსებობს, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსია, თუ ვინც უნდა იყოს, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ყველას“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
სარჯველაძის მტკიცებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველის“ ხელმძღვანელობა „რაღაცნაირად“ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, „რომლის პერიოდშიც, სხვათა შორის, ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ“.
ოპოზიცია გმობს ნიკა გვარამიას დაპატიმრებას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ნიკა გვარამია ქართული ოცნების დამფუძნებლისა და „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლია.
მისივე თქმით, ახლა, როდესაც „მიტაცებული სახელმწიფოს სამართლებრივად უკან დაბრუნებისთვის იბრძვი“, კონსოლიდაციისა და ძალების მობილიზების დროა.
„მაგრამ მიზანი იმდენად დიდია, რომ საბოლოოდ, გავხდეთ სრულფასოვანი წევრი თავისუფალი სამყაროსი, რომ ამ მიზნისთვის, დიახაც, ყველაზე ძვირფასის, რაც ადამიანს გააჩნია, იმის გაღებაც ღირს“, – ხაზი გაუსვა ნიკა მელიამ.
პარტია ლელოს შეფასებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება „არის პირდაპირი გზავნილი თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების“.
„ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი“, – განაცხადეს პარტიაში.
ლელოს თქმით, დღევანდელი „უკანონო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე“.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ ნიკა გვარამიას საქმე „თავიდან-ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია“, მისი დაკავება კი – „აბსურდი“.
მისი ეჭვით, ქართული ოცნების ხელისუფლება საკითხს დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენებს.
თუმცა, დეპუტატი ვარაუდობს, რომ მმართველ გუნდს „მოუწევს ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგომა უახლოეს მომავალში, იმიტომ, რომ საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად აცდნენ დასავლური და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას“.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მმართველმა გუნდმა ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქვეყნის შიგნით „ძალის დემონსტრირება“ და „უიმედობის დათესვა“ სცადა. „ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით…, პუტინისიტური, ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა
- პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება გამოიტანა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)