მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაამართლა ის გარემოება, რომ გერმანიაში დიდი შვიდეულის ბოლო შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს. მისი მტკიცებით, ისინი ვინც, წუხან რომ საქართველო დიდი შვიდეულის მონაწილე არ იყო, „წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომი“.
“[შეხვედრაზე საქართველოს დაუპატიჟებლობის] მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი არის ძალიან პოზიტიური, რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს… – ჩვენ არ ვართ დაკავშირებულნი ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაც მოიშველია და თქვა, რომ უკრაინა შეხვედრაზე იმიტომ მიიწვიეს, რომ „არის ომში“, მოლდოვა კი – უშუალოდ მას ემიჯნება.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ის, რომ საქართველო დიდი შვიდეულის შეხვედრაზე არ დაპატიჟეს, არის „ლოგიკური გაგრძელება, იმ შედეგების, რაც დგება [ბიძინა] ივანიშვილის კურსის შედეგად“.
„ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ის ამ დაპირისპირებაში პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის, არის თავისუფალ სამყაროს მხარეს, არ არსებობს“, – დასძინა მანვე.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, „ძალიან სახიფათოა“ ის, რომ საქართველო აღარ მონაწილეობს ისეთ შეხვედრებში, სადაც „ჩვენი ბედი წყდება“.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ასევე არ არის მიწვეული ნატოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელთა 19 მაისის შეხვედრაზე, სადაც საქართველო ყოველთვის მიწვეული სტუმრების „სიის სათავეში იყო“.
„ამას ვამბობს სრული პასუხისმგებლობით“, – თქვა მანვე და დასძინა, რომ „ახლა ეს რეალობა არის რადიკალურად შეცვლილი“.
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები – დიმიტრო კულება და ნიკუ პოპესკუ, 12-14 მაისს ჩრდილოეთ გერმანიაში, ვაისენჰაუსში გაიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს
- ოპოზიცია ქართულ ოცნებას აშშ-ისადმი „მუქარის“ გამო აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)