Site icon Civil.ge

საია: ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ დღეს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს, 16 მაისი, 2022, ფოტო: „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის Facebook-დან

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შეფასებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ორგანიზაციის 16 მაისის განცხადებით, საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე სს „მედია ჰოლდინგის“ დირექტორის, ზაზა გველესიანის მეგობარია, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეც იყო. ამასთან, სწორედ ამ ჰოლდინგში ერთიანდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„საიას“ თქმით, აღნიშნული გარემოების გამო დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა და მასსა და გველესიანს შორის მეგობრობის „დამადასტურებელი მტკიცებულებებიც“ წარმოადგინა, თუმცა მოსამართლემ „თავი არ აიცილა“.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, „სამოსამართლო ეთიკის კოდექსის“ თანახმად, მოსამართლეს ეკრძალება მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გარდა ამისა, „საიაში“ აცხადებენ, რომ მართალია, კანონი სავალდებულო აცილებაზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ განსაზღვრავს, რომ „მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას“.

„გარდა ამისა, „საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების“ მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი“, – ნათქვამია იქვე.

„საიამ“ საქმეზე პროცესების ჩანიშვნის პრობლემურობაზეც მიანიშნა და თქვა, რომ „რიგ შემთხვევებში“ კვირაში ორ პროცესიც ინიშნებოდა. მაგალითად, მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიამ დასკვნითი სიტყვისთვის 1 კვირა ითხოვა, მას მხოლოდ 3 დღე მისცეს.

„რის შემდგომაც მოულოდნელად გაურკვეველი მიზეზებით პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ჯამში 2 თვით“.

„საიას“ განცხადებით, საბოლოო ჯამში, საქმეზე განაჩენის 16 მაისს გამოცხადებით, საქმის განხილვის 24-თვიანი ვადაც დაირღვა და „სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ვადას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)