Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, 17 მაისი, 2022, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე, ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, „განსაკუთრებით კი – საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ „რეფორმები სასამართლო სისტემაში, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ლგბტ+ და ადამიანის უფლებები კვლავ გადამწყვეტია ქვეყნის ევროპული გზისთვის“.

„საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“, – დასძინა მან.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ნატოს გენერალუ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 10 მაისს საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე, საბოლოო ნაწილი წარადგინა.

ვიზიტი იმ ფონზე იმართება, როდესაც საქართველოს ოპოზიციური ძალები წუხილებს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ საქართველოს განაცხადს, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)