Site icon Civil.ge

ევროპარლამენტარები: ნიკა გვარამიას დაპატიმრება „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“ 

ევროპული დროშა, ფოტო: ოლივიერ დარბონვილი/Unsplash.com

საქართველოს თემაზე მომუშავე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა დღეს გავრცელებულ მკაცრ განცხადებაში თქვეს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი „უსაფუძვლო“ განაჩენი „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებას მოითხოვს“.

მათივე თქმით, სასამართლოს მიერ „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ გარეშე გამოტანილი განაჩენი წარმოადგენს „საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას“.

„სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას ასახავს“– აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა.

მათივე განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება „დაგვიანებული სასამართლო რეფორმის შედეგია, რომლის თაობაზეც ვალდებულება საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, თუმცა არ შეასრულა“.

„შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი“, – აცხადებენ ხელმომწერები. „ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს უნდა და იმსახურებს“.

ხელმომწერებმა ასევე გაიხსენეს, რომ 2021 წელს ნიკა გვარამიაზე განხორციელებული „არაეთიკური თავდასხმის“ გამო ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენელთა დაუსაფუთებელი არგუმენტები მოჰყვა.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები – მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი, რაფაელ გლუკსმანი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიციუსი.

მანამდე, 16 მაისს, კიდევ ორმა ევროპარლამენტარმა – რასა იუკნევიჩიენემ და მირიამ ლექსმანმა – გვარამიას პატიმრობის გამო Twitter-ზე შეშფოთება გამოხატეს.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი, დემოკრატიის ნაცვლად პუტინისეულ გზას ირჩევს, ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შესანარჩუნებლად?“ – დაწერა იუკნევიჩიენემ Twitter-ზე. „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას [ივანიშვილს] სურს, ამგვარი ქმედებებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს კანდიდატობას საფრთხე შეუქმნას?“

ევროპარლამენტარმა ლექსმანმა განაცხადა, რომ გვარამიას გასამართლება არის „სერიოზული თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე, ასევე იმ მცდელობების ნაწილი, რომელთა მიზანიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაა“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი ფინანსური დირექტორი, კახაბერ დამენიაც ცნო დამნაშავედ და მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო.

ნიკა გვარამია მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)