საქართველოს ლგბტ+ ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ 17 მაისს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) მოკრძალებულად, თუმცა არაერთგვაროვანი გზავნილებით აღენიშნათ.
ლგბტ+ პირთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ საპანელო დისკუსიას უმასპინძლა სახელწოდებით „17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები”. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატი დაესწრნენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ ზოგადად საჯარო სივრცის დათმობას“, – უთხრა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ანა სუბელიანმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც ღონისძიება გაიმართა.
„პირიქით, გავაგრძელებთ ბრძოლას მაქსიმალურად იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ მოქალაქეს, ამ ქვეყნისა, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა თავისუფლად შეეძლოს ამ ქვეყნის თითოეულ წერტილში, მათ შორის, პოლიტიკური მნიშვნელობის ქუჩაზე გავლა, მანიფესტაცია და თავისი პოზიციის დაფიქსირება“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მართალია, ბოლო წლებში, საქართველოში გარკვეული მიღწევები შეინიშნება ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით, მაგალითად ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა, კვლავ არსებობს წუხილები, მათ შორის, ოფიციალური პირების განცხადებები და მოწოდებები ძალადობისკენ.
სუბელიანმა ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორები, რომელთაც 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდი ჩაშალეს, პასუხისგებაში არ მისცა.
ქვიარ სათემო ორგანიზაციები „რეალურ გამოწვევებზე“ საუბრობენ
კიდევ ოთხმა ლგბტ+ სათემო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, „თანასწორობის მოძრაობამ“, „იდენტობა იუსმა” და „ქვიარ ასოციაცია – თემიდამ“ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ლგბტქი ადამიანების „რეალურ გამოწვევებზე“ საუბრობენ.
„ამ დღეს ქუჩაში გამოსვლით, ლგბტქი აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები, წლების განმავლობაში ვცდილობდით საჯარო სივრცეში დაგვეყენებინა ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხი“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
„თუმცა, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტიპროგრესული და ანტისოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ“, – აღნიშნეს ორგანიზაციებმა.
განცხადების თანახმად, ორივე, „ჰომოფობი უმრავლესობის” და „ლგბტ უმცირესობის” სახელით მოსაუბრე ეს ჯგუფები, მუდმივად ცდილობენ ლგბტქი ადამიანები წარმოაჩინონ განყენებულ, ექსკლუზიური ძალაუფლებისთვის მებრძოლ კონკრეტული იდეოლოგიისა და პოლიტიკური ინტერესების გამტარ ერთგვაროვან ჯგუფად.
- სტრასბურგმა საქართველოს მთავრობა 2013 წ. ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეზე გაამტყუნა
- სტრასბურგმა ლგბტ ორგანიზაციის რეიდის საქმეში საქართველო გაამტყუნა
- კვლევის თანახმად, საქართველოში ჰომოფობიური განწყობები კვლავ მაღალია, თუმცა კლება შეინიშნება
„ეს კი აღარც იმის სივრცეს გვიტოვებს, რომ ლგბტქი ადამიანების რეალურ გამოწვევებზე ვისაუბროთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნავენ რა, რომ ლგბტქი ადამიანები ის სოციალური ჯგუფია, რომელსაც „ყველაზე მეტად ეზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „მთელი საზოგადოება დღითიდღე ვკარგავთ საჯარო სივრცეებს, თავშეყრის ადგილებს, პარკებს, მოედნებსა თუ ტყეებს, რომლებიც ინტენსიურად იქცევა პრივატიზებისა და ერთეულთა ეკონომიკური მოგების სამიზნედ“.
„მხოლოდ იმის გაცნობიერებით და სახელდებით, თუ როგორ, რატომ, ვის და რის მიერ გვაქვს ეს უფლებები წართმეული, შევძლებთ, დავინახოთ ჩვენი საერთო თუ განსხვავებული წუხილების საერთო საფუძველი, და გავაღვივოთ რეალური საზოგადოებრივი სოლიდარობა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა
პარალელურად, 17 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა.
ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა ქაშუეთის ეკლესიაში წირვისას მრევლს მიმართა და ადამიანის უმთავრეს ნიშანთვისებად გონება, სიტყვა, რელიგია და ქორწინება დაასახელა.
„ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთვისება“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, „დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება, ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ეს საჭიროება, იმიტომ, რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი“.
შემდეგ, მრევლი სიონის ტაძრისკენ დაიძრა. გზად ისინი საპატრიარქოს რეზიდენციასთან შეჩერდნენ, სადაც 89 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისინი აივნიდან დალოცა.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ პატრიარქის ინიციატივით, 2014 წლიდან, მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2013 წლის 17 მაისს, რამდენიმე ათასმა მომიტინგემ, რადიკალური მართლმადიდებელი მღვდლების მხარდაჭერით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია დაარბია. 2014 წლიდან ლგბტქი ჯგუფის წევრებს ამ დღის თავისუფლად აღნიშვნის შესაძლებლობა აღარ აქვთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)