სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ 17 მაისს, გვიან ღამით, მოძრაობის დირექტორს, გიორგი მჟავანაძეს, რომელიც თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში ჯარიმის ქვითრის წამოსაღებად იყო მისული, პოლიციელებმა სცემეს და დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ განუმარტეს, რომ მჟავანაძე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის, 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით (მე-3-ს „ბ“) დაიწყეს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ინციდენტის შესახებ „სირცხვილიამ“ თავდაპირველად Facebook-ზე დაწერა. მოგვიანებით, მოძრაობის წარმომადგენელმა, ნოდარ რუხაძემ მომხდარზე „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„წარმოიდგინეთ, რომ გიორგის ადებენ ბორკილებს, უკან ხელებს უკრავენ და ამის შემდეგ, სამი სხვადასხვა პოლიციელი სახეში ურტყამს მას ხელს“, – განმარტა მან.
რუხაძის თქმით, მჟავანაძე პოლიციის სამმართველოში იმ ჯარიმის ქვითრის წამოსაღებად იყო მისული, რომელიც მას 7 მარტს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებისას გამოუწერეს.
რუხაძის განმარტებით, სამმართველოში მისულ მჟავანაძეს ის პოლიციელი, რომელსაც იგი ესაუბრა, არ დახვდა და სხვა პოლიციელი დაინტერესდა, თუ რისთვის იყო იგი მისული, რაზეც მან უპასუხა, რომ „ვიღაც პოლიციელს ელოდებოდა“. რუხაძისვე თქმით, პოლიციელმა ეს შეურაცყოფად აღიქვა და მას უთხრა, რომ „პოლიციელი ვიღაც არისო?“.
„სირცხვილიას“ აქტივისტის განცხადებით, ამის შემდეგ, მჟავანაძე რამდენიმე სამართალდამცველმა პოლიციის ეზოში გაიყვანა და ბორკილებდადებულს სცემა.
„ეს ყველაფერი ხდება პოლიციის სამმართველოს ეზოში, მთავარი შესასვლელიდან დაახლოებით ერთ მეტრში“, – დასძინა რუხაძემ.
„პოლიციამ კიდევ ერთხელ გამოიყენა ძალა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებს“, – ხაზი გაუსვა მანვე.
რუხაძის განმარტებით, მათ ადვოკატს პოლიციაში უთხრეს, რომ კამერების ჩანაწერებს ვერ ამოიღებენ, რადგანაც „მიმდებარე ტერიტორიაზე და პოლიციის შენობაში“ ისინი გათიშულია.
„თუმცა, ჩვენ ოფიციალური წერილით უკვე მივმართეთ შსს-ს და მოვთხოვეთ, რომ დააარქივონ ის მასალა, რაზეც შეიძლება იყოს გამოსახული მტკიცებულებები, რომლებსაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი სიმართლის დასადგენად“, – ხაზი გაუსვა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- შოთა დიღმელაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს
- ქუთაისში მოძრაობა „სირცხვილიას“ ორი აქტივისტი საეჭვო ვითარებაში დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)