Site icon Civil.ge

განახლება: შეხვედრის გაუქმებაზე ცნობების შემდეგ, სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 17 მარტი, 2021, ფოტო: nato.int

ნატოს გენერალურ მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, დაგეგმილისამებრ დღეს შეხვდება. მანამდე, ალიანსის პრესამსახურმა შეხვედრის გაუქმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ნატოს პრესსამსახურს არ განუმარტავს, თუ რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა. კომენტარი არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაუკეთებიათ.

დეტალების გასარკვევად „სამოქალაქო საქართველო“ ნატოსა და საქართველოს მთავრობის პრესსამსახურებს დაუკავშირდა. პასუხები მასალაში მიღებისთანავე აისახება.

სტოლტენგერგსა და საქართველოს პრემიერს შორის შეხვედრის გაუქმების შესახებ თავდაპირველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით „გადაიდო“.

სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმების შესახებ ცნობებს ოპოზიციონერი დეპუტატებიც გამოეხმაურნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „დღევანდელი ასე ვთქვათ დემარში არის ძალიან სერიოზული ალიყური საქართველოს ხელისუფლებისადმი“.

„ეს ფაქტი არის სერიოზული გაფრთხილება, ამის შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯებიც და სამწუხაროდ შეიძლება ქვეყანასაც კი დაემუქროს სანქციები“, – განაცხადა მან.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით კი – ეს არის „პასუხი“ ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე.

„ეს არის პასუხი საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიაზე, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა“, – დასძინა მანვე.

შენიშვნა: მასალა ნატოს პრესსამსახურის მიერ განახლებული ინფორმაციისა და დეპუტატების განცხადებების შესაბამისად 18 მაისს, 16:25 სთ-ზე განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)