Site icon Civil.ge

არასამთავრობოების თქმით, ე.წ. მოსმენების საქმეზე გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს

ფოტო: მიხალ იაკუბოვსკი/Unsplash.com

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 18 მაისს განაცხადა, რომ 2021 წელს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების შესახებ გამოძიება, რომელიც სასულიერო პირების, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, უცხოელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შესაძლო მიყურადებას ეხება, „არაეფექტიანია“.

უფლებადამცველების თქმით, არაერთი გარემოება „მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი არ ამოძრავებს“.

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს შესაძლო უკანონო მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი, „ხოლო უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა“.

მათივე განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გარეშე, მათ პროცესის მიმდინარეობის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა არ აქვთ.

ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მიმდინარე გამოძიების შესახებ განახლებული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, მათ შორის, ამ დრომდე არც ის არის ცნობილი, გამოკითხეს თუ არა სუს-ის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ხელმომწერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკანონო მიყურადება არღვევს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს.

მათივე თქმით, „როდესაც ადგილობრივ დონეზე არ არსებობს საიდუმლო თვალთვალის/მიყურადების ზომების ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობა, საზოგადოების ფართო ეჭვი და წუხილი მასზედ, რომ საიდუმლო თვალთვალის უფლებამოსილება ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული, ვერ იქნება უსაფუძვლო“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“.

დღესვე, სავარაუდო უკანონო მიყურადების 26-მა მსხვერპლმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქმის პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.

სავარაუდო უკანონო ფარული მიყურადების შესახებ ცნობები მედიაში გასული წლის სექტემბერში გავრცელდა.

მიყურადების შესახებ ცნობებს ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადეს, რომ გამოძიების შედეგად ფარული მიყურადების თაობაზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა.

შესაძლო ფარული მიყურადების შესახებ ცნობები მედიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გავრცელდა.

მანამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ერთ-ერთი უცხოური საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრების სავარაუდო მოსმენების, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ჰომოსექსუალი მოქალაქეების ინტიმურ ცხოვრებაზე სავარაუდო თვალთვალის შესახებ ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)