Site icon Civil.ge

ალან გაგლოევისთვის რუსეთის პატრიარქის გამარჯვების მილოცვას საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება

საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქების - ილია II-ისა და კირილის შეხვედრა მოსკოვში, 2019 წლის ნოემბერი, ფოტო: patriarchia.ru

საქართველოს საპატრიარქომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის პატრიარქის კირილეს მიერ ალან გაგლოევისთვის ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვების მილოცვის გამო.

16 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ რუსეთის პატრიარქის მილოცვა „ბადებს გაუგებრობას“, რადგან რუსეთის ეკლესია ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს.

საპატრიარქომ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად“.

„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რუსეთის პატრიარქის წერილი გაგლოევს 

„მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გამოცდილებით და სახელმწიფოს მშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანების სტრატეგიული ხედვით, მრავალი წელია მუშაობთ თქვენი თანამემამულეების საკეთილდღეოდ“, – მიმართა რუსეთის პატრიარქმა 13 მაისს გაგლოევს.

„რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე თქვენი არჩევით, ათასობით ადამიანი იმედებს ამყარებს სამხრეთ ოსეთის სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში პოზიტიურ ცვლილებებზე, რეგიონის დინამიურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე“, – დასძინა მან.

რუსეთის პატრიარქის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „რელიგიური თემების კარგ ურთიერთობას ხელისუფლებასთან და ყველა კეთილგანწყობილ ძალასთან შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მტკიცე მორალური იდეალების ჩამოყალიბებაში, ხალხის გადარჩენასა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებაში“.

41 წლის ალან გაგლოევმა, რომელიც ოპოზიციური პარტიის „ნიხასის“ ლიდერია, 8 მაისს გამართული მეორე ტურის დროს, მოქმედი „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)