Site icon Civil.ge

ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა 

ნატოს გენერალურმა, მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა, 18 მაისი, 2022, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 18 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარ საცხოვრებელ რეზიდენციაში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ აისახება ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს, როგორც ალიანსის პარტნიორის როლი და მისი კონტრიბუცია „როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

ამასთან, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინელების მიმართ.

შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე დაწერა, რომ ნატო „სრულად ემხრობა თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უფლებას თავად აირჩიონ საკუთარი გზა, მათ შორის, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“.

სტოლტენბერგის მიერ საქართველოს პრემიერმინისტრის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. თუმცა, მოგვიანებით, ნატოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრა დაგეგმილისამებრ შედგებოდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი სტუმრობს ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 10 მაისს საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე, საბოლოო ნაწილი წარადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)