Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გამართულ სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, 18 მაისი, 2022, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გამართულ სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

საქართველოს გარდა, ევროკავშირის თავდაცვის მეთაურები ჩრდილოეთ მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის დელეგაციებსაც შეხვდნენ.

ევროკავშირის თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში ომის შედეგები, სტრატეგიული კომპასი და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სამხედრო მისიები და ოპერაციები განიხილეს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ნატო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, ნატოსა და გაეროსთან მრავალმხრივი პარტნიორობის გაძლიერების საკითხი განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს შეხვდა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)