Site icon Civil.ge

თეა წულუკიანი „ნაც“ ევროპარლამენტარებსა და აშშ-ის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ფოტო: giv.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზოგიერთი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის, ევროპარლამენტარები – ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი და ანა ფოტიგა, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და თქვა, რომ ისინი „უცხოელი ნაცები“ არიან, რომელთაც მთავრობის გადაყირავება სურთ.

„ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფი, [რომელშიც] ვგულისხმობ მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს“, – თქვა თეა წულუკიანმა.

„რომელსაც [კრამონს], მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს“, – დასძინა მანვე.

ვიცე-პრემიერის თქმით, ფონ კრამონს „ნაციონალებთან მეგობრობის“ გამო „დიდად არ აღელვებს არც ქართველი ხალხი და იმიტომ, რომ თავის მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას მიაყენოს ღია შეურაცხყოფა“.

საგულისხმოა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფნის დროს ევროპარლამენტარი კრამონი მათი ოპონენტი იყო.

ამის შემდეგ, თეა წულუკიანმა პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგაც გააკრიტიკა, რომელსაც როდესაც რაღაცას უსაყვედურებ, „გამოვა და იტყვის – არა, მე მიყვარს საქართველო“.

„გააჩნია, საქართველოში ვინ რას გულისხმობს. ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური არ არის და ლამაზი სვანეთი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

„საქართველო, პირველ რიგში, არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე“, – დასძინა მანვე.

აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველო „არ უყვარდა“

„მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო“, – თქვა თეა წულუკიანმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის კრიტიკისას.

„ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს, ალბათ, ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს [საქართველოს] ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში“, – თქვა მანვე.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, იან კელი „არ ერიდება, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ ჩვენ ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ“.

„ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ“, – ხაზი გაუსვა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ „ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, დაწყებული პატარა გოგოებიდან, დამთავრებული დიდი კაცებით და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს“.

„ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული, ნაციონალებთან ერთად ინტერესი, რომ გადააყირაონ ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გთვლიან მათ მეგობრებად“, – თქვა თეა წულუკიანმა.

რეალური მეგობრები

კულტურის მინისტრმა განმარტა, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს ნამდვილ „მეგობრებთან და პარტნიორებთან, რასაც ქართული ოცნება მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აკეთებს“.

„ჩვენ ნამდვილი მეგობრები გვყავს, მათი სია გრძელია, მაგრამ ისინი არ ჩანან ქართულ მედიაში, იმიტომ, რომ ისინი ელაპარაკებიან მთავრობას და არცერთი მათგანი არ იკადრებს რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით მიაყენოს ქართველებს შეურაცხყოფა“, – განაცხადა მანვე.

„სასამართლო სისტემის“ პოლიტიზების თაობაზე კრიტიკის საპასუხოდ, მმართველო გუნდის წევრები დასავლელი პარტნიორების მისამართით ხისტი განცხადებებით სულ უფრო მეტად გამოდიან.

„საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)