Site icon Civil.ge

ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანს პასუხობს 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ფოტო: ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და ის „უგემოვნო“ და „უსაფუძვლო“ თავდასხმისთვის გააკრიტიკა.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში თეა წულუკიანმა ევროპარლამენტარი ქართულ პოლიტიკაში ჩარევასა და საქართველოს მთავრობის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მას „ნაცი“ უწოდა.

ფონ კრამონმა თეა წულუკიანთან ამ უკანასკნელის პოლიტიკური კარიერის დასაწყისში გამართული შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ „სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ გარადიკალდა ის ბოლო წლების განმავლობაში [და] ახლა ტყუილებსა [და] დეზინფორმაციას ავრცელებს“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების „დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს“.

„ქართული ოცნება საქართველო არ არის, ქართული ოცნების კრიტიკა [საქართველოს] კრიტიკას არ ნიშნავს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „სწორედ ამიტომ ვუწოდებ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს“.

„შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან დამალვა. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე“, – თქვა ფონ კრამონმა და დაამატა, რომ „ქართულმა ოცნებამ შეძლო დემოკრატიის გაუარესება [და] ერთ წელიწადში საქართველოს [უკან] დახევა მედიის თავისუფლების კუთხით მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილამდე“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ის არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როგორც ამას მინისტრი წულუკიანი ამტკიცებს, არამედ „გახსენებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც [თქვენ] აიღეთ და არ შეასრულეთ“, მათ შორისაა 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

თუ გსურთ, რომ სერიოზულად აღგიქვან, შეწყვიტეთ დაპირებების დარღვევა, შეწყვიტეთ საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება“.

„გამოასწორეთ სასამართლო სისტემა, შეწყვიტეთ მიკროფონების მოპარვა, შეწყვიტეთ სიძულვილი [და] პოლიარიზაცია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას მხოლოდ პოლიტიკოსების მცირე ჯგუფი არ აკრიტიკებს, როგორც ეს თეა წულუკიანმა თქვა, არამედ ის მთავარი ფიგურები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ ევროპარლამენტში და მის გარეთ.

„ბოლო განცხადებაზე ხელმომწერები შეამოწმეთ ან საქართველოზე ევროპარლამენტის მომდევნო რეზოლუციას დაელოდეთ“, – აღნიშნა მან.

მანვე განმარტა, რომ ეს იგივე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, იბრძვიან საქართველო ვიზალიბერალიზაციისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„მე საქართველოს (და არა მისი მთავრობის) მრავალი წლის მეგობარი ვარ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა და თქვა, რომ მან ისწავლა ქართული სიბრძნე „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.

„გაცხარების ნაცვლად, დროა, ქართულმა ოცნებამ ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას [და] სიმართლეს“, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)