საქართველოს განათლების სამინისტრომ 18 მაისს ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორში გახსნა, სადაც უკრაინელი მოსწავლეები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტორზე სწავლის სურვილი უკვე 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. ამასთან, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, უკრაინულენოვან სექტორზე I-IV კლასის მოსწავლეები ისწავლიან, სექტემბრიდან კი – სკოლა ყველა საფეხურის მოსწავლის მიღებას შეძლებს.
„ჭეშმარიტად ისტორიული დღეა“, – თქვა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და დასძინა, რომ უკრაინელი მოსწავლეები ზუსტად იმ სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ.
„მინდა, ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს მთელი გულით გისურვოთ მშვიდობა უკრაინაში, რათა თქვენ გქონდეთ საშუალება მალე დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში თქვენმა შვილებმა უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მიიღონ ხარისხიანი განათლება“, – განაცხადა მან.
უკრაინელოვანი სექტორის გახსნის ცერემონიას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვიც დაესწრო, რომელმაც თქვა, რომ „ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისათვის, უკეთ ინტეგრირდნენ ჩვენს მეგობარ ქართულ საზოგადოებასთან და მიიღონ ზოგადი განათლება“.
მანამდე, აპრილის დასაწყისში, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, რომელიც უკრაინის საზოგადო მოღვაწის, მიხაილო გრუშევსკის სახელს ატარებს, პირველი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში 300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის უკვე 800-ზე მეტი მოსწავლეა ჩარიცხული.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინიდან ლტოლვილი მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება
- ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე საუბრობს
- საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
- უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლისა და საქართველოს ოფიციალური პირების ურთიერთბრალდებები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)