Site icon Civil.ge

ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ფოტო: ილია დარჩიაშვილის Twitter-დან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 19-20 მაისს იტალიის ქალაქ ტურინს სტუმრობს, სადაც ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი უკვე შეხვდა რამდენიმე კოლეგას, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, რომელთან შეხვედრაზეც მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებულ ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადებისთვის. ბურიჩმა აღნიშნული პრაქტიკისა და ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მზაობა დაადასტურა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რეფორმების პროცესის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ეფექტიანი იმპლემენტაციის კუთხით.

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს შეხვდა და ხაზი გაუსვა გერმანიის როლს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების პროცესში.

„შეხვედრაზე გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი ასევე შეხვდა მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორგს, რომელმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მალტის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

სლოვენიელ კოლეგასთან, ანჟე ლოგართან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

მინისტრი დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ხაზი გაესვა ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილი ეუთოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, აღინიშნა რომ თავმჯდომარეობის დღის წესრიგში პრიორიტეტული იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი რუსეთის მხრიდან“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საკითხების ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „თავისუფალი სამყარო უკრაინის გარშემო მტკიცედაა გაერთიანებული და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სხვა პარტნიორებისა და მეგობრების მხარდამხარაც დავდგეთ“.

საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს წარადგინა. წევრობის განაცხადზე მოსაზრება ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)