საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერმა 20 მაისს, თბილისში, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების მიმდინარეობისას მოაწერეს ხელი.
„ამ დოკუმენტის ხელმოწერით, ჩვენ ვაფორმებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, კიდევ უფრო გააძლიერებს და სრულყოფს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელსაც საფუძველი 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტის დროს ჩაეყარა.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კონცეფციის დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს, რომ „ათწლიანი ვადით და უფრო მეტით“ გაზარდოს თავდაცვის და შეკავების შესაძლებლობები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისს ლორა კუპერი ასევე შეხვდა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, სადაც მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი საქართველოს სტუმრობს
- აშშ-ის საელჩო კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას „ეჭვქვეშ აყენებს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)