Site icon Civil.ge

აშშ საქართველოს მოუწოდებს „უკრაინის მხარდასაჭერად ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ილია დარჩიაშვილისთვის თანამდებობაზე დანიშვნის მისალოც წერილში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას უკრაინის მხარდასაჭერად და ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის რუსეთის ფედერაციის პასუხისგებაში მისაცემად“.

22 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც ქართულ მედიაში 23 მაისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „მართალია ბევრი სამუშაო რჩება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით“, აშშ ქართველი ხალხის გვერდით იდგება ამ ძალისხმევაში.

სახელმწიფო მდივანმა ქართველ კოლეგას უთხრა, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება.

მან ბოლო 30 წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ორი ქვეყნის პარტნიორობაზეც გაამახვილა ყურადღება და მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, „განსაკუთრებით  კრემლის აგრესიის ფონზე“.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „თითოეული ქვეყნისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება, მნიშვნელოვანია, რომ თანხვედრა იყოს საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან“.

იმავდროულად, კიევმა ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების თავიდან აცილების დახმარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ უარყო ამგვარი ბრალდება და განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებთან სრულ თანხვედრაშია.

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე იმ მოტივით, რომ ეს საქართველოს „ეროვნულ ინტერესებს“ ეწინააღმდეგება და ქართველ ხალხს უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე მოსკოვს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველ დღეებში განაცხადა, რომ სანქციები არ არის ეფექტიანი საშუალება და რომ „უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)