ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 23 მაისს განაცადა, რომ ოპოზიციური პარტიები „საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ აგიტაციას“ ახორციელებენ.
„საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა“.
„მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ“, – დასძინა მან.
ამ კონტექსტში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას აქვს „კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან“ ბრიუსელში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. მას, სავარაუდოდ, ბრიუსელში ლელოსა და პარტია საქართველოსთვის წევრების ცოტახნისწინანდელი ვიზიტები ჰქონდა მხედველობაში.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება“. მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ „საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად“.
„ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ“, – აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. „გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად“.
ოპოზიციის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის ახალ ბრალდებამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 მაისს განაცხადა, რომ „ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები“ ცდილობენ, დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
ამ ფონზე, ქართული ოცნების წევრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაფრად ჩააგდეს რვა ევროპარლამენტარის შეშფოთება, რომელმაც 17 მაისს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა სერიოზულ საფრთხეს უქმნის „საქართველოს ევროპულ მომავალს“.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა „აღქმებზე დაფუძნებული განცხადება“ გააკეთეს და მათი „უდიდესი უმრავლესობა“ მმართველი პარტიის ოპონენტები არიან.
იმავდროულად, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი გააკრიტიკა და მას უთხრა, რომ „საქართველო, პირველ რიგში, არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე“.
- ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს
- აშშ-ის საელჩო კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას „ეჭვქვეშ აყენებს“
ოპოზიცია კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა
ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვა. დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან თქვა, რომ ამ განცხადებით მმართველი პარტია ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა ოპოზიციას გადააბრალოს.
მისივე თქმით, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და „ამ პროცესის ჩავარდნა მათი პოლიტიკური განაჩენი უნდა იყოს სამომავლოდ“.
„ქართული ოცნება ახორციელებს პირდაპირ საბოტაჟს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ „როგორც ჩანს, ღარიბაშვილს ჰქონდა საკმაოდ მძიმე საუბრები ბრიუსელში“.
ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ურცხვი ტყუილების“ გამო გააკრიტიკა, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატობის კრიტერიუმების თვალსაზრისით საქართველოზე უკან დგანან.
„[ქართულ ოცნების წევრებს] პირდაპირ არ უნდათ თქმა, რომ პუტინისკენ არიან და დასავლეთს მტერს უწოდებენ, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ. ახლა, უნდათ, რომ ევროპულ ასპარეზზე, დასავლეთში წარუმატებლობა დააბრალონ ოპოზიციას და მის კრიტიკას“, – განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს
- საქართველოს პრემიერი ხელს აწერს ევროკავშირში წევრობის განაცხადს
- საქართველო ხვალ მოითხოვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)