Site icon Civil.ge

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნიკა გვარამიას საქმეს ეხმიანება

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ დღეს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს, 16 მაისი, 2022, ფოტო: „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის Facebook-დან

პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „უპრეცედენტო და სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების“ დამოუკიდებელი და დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ ხაზი გაუსვა, რომ „ასეთი საეჭვო საფუძვლის მქონე საქმეზე გამოტანილი განაჩენის სიმკაცრე აჩვენებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ოპოზიციური მედიასაშუალების დასუსტებაა“.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ გვარამია მისთვის „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

კაველიემ მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოში ყველა მედიასაშუალებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს“.

ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა „საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდი საფრთხის“ გამო.

2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიურ ძალადობაზე საუბრისას, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ უმოქმედობას იჩენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებაზე თავდასხმას ეხება, არამედ „მზადაა ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობას შეუშალოს ხელი“.

მან ასევე განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე.

ორგანიზაციამ გაიხსენა ტელეკომპანიის 111.3 ათასი ლარით დაჯარიმების ფაქტიც იმის გამო, რომ მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვიდეოები გაუშვა, ასევე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტების შევიწროების შემთხვევები.

გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

საგულისხმოა, რომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ბოლო კვლევის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ 180 ქვეყანას/ტერიტორიას შორის მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)