Site icon Civil.ge

ვალიკო ჯუღელი ბავშვებს მიმართავს

ქართველი სახალხო გვარდიელები. ცენტრში: მარცხნივ - სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმის უფროსი ვალოდია გოგუაძე, მარჯვნივ - სახალხო გვარდიის ხელმძღვანელი ვალიკო ჯუღელი. ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი.

1920 წლის ზამთარში საქართველოს მთავრობა საბჭოთა რუსეთის ინტერვენციის მოლოდინშია. ჯერ კიდევ 1920 წლის ზაფხულში, ბოლშევიკებმა აიღეს ბაქო. ნოემბერში ერევნის რიგიც დადგა. დეკემბერშივე იძაბება საბჭოთა აზერბაიჯანთან ურთიერთობა ზაქათალის ოლქის გამო. მძიმდება საერთაშორისო ვითარებაც – საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს. რესპუბლიკაში გაშლილია ჯარის მხარდასაჭერი კამპანია. სწორედ ამ ვითარებაში მიმართავს გვარდიის მეთაური, ვალიკო ჯუღელი ბავშვებს.


გაზეთი „ერთობა“ # 292, ოთხშაბათი 22 დეკემბერი, 1920 წელი


ჩემო პატარა, ძვირფასო და კეთილო მეგობრებო!

ამ ცივ და გაყინულ ზამთარში მინდა მივმართო თქვენს მხურვალე გრძნობებს და თბილ  სიყვარულს!..

ამ ჩვენი ქვეყნის საბედისწერო დღეს მსურს მივსწვდე თქვენ პატარა, მაგრამ დიდი სიყვარულით აღსავსე გულს!..

მინდა შევიპყრო თქვენი ნორჩი, ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი გონება და გითხრათ, რომ ჩვენი   განთავისუფლებული საქართველო, ჩვენი ძვირფასი სამშობლო დიდ საფრთხეშია!

თქვენ იცნობთ პატარა, კეკლუც და ნორჩ საქართველოს და გიყვართ იგი.

თქვენ იცით, რომ მთელი თქვენი მომავალი თავისუფალ საქართველოს კეთილდღეობაშია.

და საქართველომაც იცის, რომ მისი მომავალი თქვენშია..

თუ დამარცხდა და დაიღუპა საქართველო, – სამუდამოდ მოკვდება ჩვენი მომავალი და დასამარდება ყველა თქვენი იმედები.

მაგრამ თავისუფალი საქართველო არ დამარცხდება, რადგანაც მას ჰყავს მტკიცე, თავდადებული და ვაჟკაცი შვილები.

ისინი დღეს თოფ ქვეშ დგანან და სალ კლდესავით თავის ქვეყანას გარს შემოერტყნენ!

თქვენ იცნობთ მათ, ეს არის თქვენი საყვარელი გვარდია და ჯარი!

საშინელ ქარ-ბუქში და ყინვიან ღამეში დგანან ისინი თოვლით დაფარულ მთებზე..

მათ საშინლად სცივათ, ბევრი მათგანი უკვე დაავადმყოფდა, ზოგს ფეხებიც მოჰყინა!..

მაგრამ ისინი შეურყევლათ დგანან თავის სადარაჯოებზე და მთელ ქვეყანას, თავის განთავისუფლებულ სამშობლოს თავდადებულათ იცავენ!..

და აი მათ, ამ ცივ სადარაჯოებზე მდგომ ჯარისკაცებს და სახალხო გვარდიელებს ხშირათ გაახსენდებათ თავისი სახლი, თავისი მოხუცებული დედ-მამა და წვრილი ცოლ-შვილი.

და ამ მოგონებაზე ისინი კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდებენ ხელს თოფს და უფრო ფხიზლათ მიმოავლებენ თვალს დაძინებულ, იდუმალ მთებს!..

იმიტომ, რომ მათ უყვართ თავისი ქვეყანა, თავისი სახლ-კარი და პატარა ბავშვები!..

მათ ვუყვარვართ ჩვენ! და ჩვენც უნდა შევიყვაროთ ისინი!..

ამიერიდან მთელი ჩვენი გრძნობა, გონება და სიყვარული მათკენ უნდა იყოს მიმართული.

და რადგანაც ყველაზე დიდი გრძნობები და სიყვარული გაქვსთ თქვენ, ჩემო პატარა მეგობრებო, – მთელი თქვენი სიყვარული ფრონტს უნდა მისცეთ.

და ჩვენც უნდა გვასწავლოთ ეს სიყვარული, ასწავლოთ თქვენს მშობლებს, ყველა დიდებს, რომლებსაც გულზე და გრძნობებზე უკვე ხავსი ეკიდებათ..

მე მაგონდება წარსული მაისი. მაშინ ჩვემ ბალშევიკებს ვებრძოდით და ვამარცხებდით მათ.

და ამ ბრძოლის დროს ჩვენ ფრონტზე მოგვივიდა თქვენი, ბავშვების საჩუქრები და წერილები.

ეს იყო ჩვენი უდიდესი ჯილდო, ეს იყო ჩვენი უხვი დასაჩუქრება…

მაშინ გაზაფხული იყო და ბუნება კოხტად იკაზმებოდა.

დღეს სასტიკი ზამთარია და მკვდარი ბუნება ყინვამ შემოსა…

და ამ ცივ ზამთარში ფრონტს უნდა მეტი ყურადღება, სიყვარული და თანაგრძნობა!..

და თქვენ, რესპუბლიკის ბავშვებმა, მთელი თქვენი სიყვარული უნდა შესწიროთ ფრონტს!

თქვენ სავსებით პირი ფრონტისკენ უნდა იბრუნოთ და თქვენ მშობლებსაც უნდა მიახედვინოთ იქით!

თქვენი მშობლები თქვენზე ბევრათ ცუდნი არიან! მათ მრავალი საქმეები აქვთ და ამიტომ ხშირად ავიწყდებათ ფრონტი. თქვენ მუდამ უნდა აგონებდეთ, ახსენებდეთ მათ ფრონტს.

ყოველთვის და ყველგან თქვენ უნდა ეუბნებოდეთ მშობლებს: „მიხედეთ ფრონტს“.

და მაშინ ისინიც შეიყვარებენ ფრონტს, მაშინ გადნება მათი გაყინული გრძნობები…

და თქვენც უნდა ამზადოთ საჩუქრები და წერილები ფრონტისათვის.

რესპუბლიკის თითოეულმა ბავშმა როგორც ქალაქში, ისე სოფელში, ფრონტს უნდა გაუგზავნოს თავისი პატარა საჩუქარი.

ეს საჩუქრები თქვენ უნდა გადასცეთ ან ფრონტის დამხმარე კომიტეტებს, ან გვარდიის ადგილობრივ შტაბებს..

ყოველი საჩუქარი ძვირფასია და საყვარელი ფრონტისათვის…

მით უფრო თქვენი, ბავშვების სიყვარული!..

და ამ სიყვარულით გამდიდრებული ფრონტი უძლეველი, გამარჯვებული იქნება.

თქვენი ვალიკო ჯუღელი.