Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მოუსმინეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

27 მაისს, პარლამენტში პრემიერმინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ დამოკიდებულებისა და და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე პოზიციის გამო მთავრობის კრიტიკას, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციისადმი კრიტიკით უპასუხა.

კითხვების დასმის ნაწილში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილი მისი ნათქვამის გამო გააკრიტიკა, რომ თითქოს რუსეთისთვის დაწესებული „სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“.

მისი შეფასებით, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს, ის „რისკის ქვეშ აყენებთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“.

„პოლიტიკური განცხადებები რეალურად ბევრს ნიშნავს იმ ქვეყანაში, რომელიც პარტნიორი უნდა იყოს უკრაინის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ხაზი გაუსვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი სადავო განცხადებების გამო გააკრიტიკა, პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილმა, რომელიც უკრაინის ომიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, პრემიერის განცხადებებმა „ძალიან გააფუჭა [და დაძაბა] უკრაინასთან ურთიერთობა“.

მანვე მთავრობა რუსეთთან მიმართებით „ზედმეტად ფრთხილი“ პოზიციის გამოც გააკრიტიკა. „რაც არ უნდა ქნათ, რაც არ უნდა თქვათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს და დაიწყოს ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, ამ აზრს, ამ ბოროტ კაცს, პუტინს, ვერავინ შეაცვლევინებს“, – ხაზი გაუსვა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველო კარგავს შესაძლებლობას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქვეყანა დასავლური შეიარაღებით აღჭურვოს. დეპუტატმა უკრაინისთვის მინიმუმ ქართული წარმოების მსუბუქი აღჭურვილობის – ჩაფხუტებისა და საევაკუაციო მანქანების გადაცემის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

„სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რატოა ასეთი მოშლილი… გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემა? გვაქვს თავშესაფრები, გვაქვს მარაგები? … ასეთი არხეინები რატომ ვართ, რის იმედად ვართ?…“, – იკითხა მან.

პარალელურად, პარტია ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს მოუწოდა ეპასუხა, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდების პრევენციისთვის „რა სამარლებრივ-ადმინისტრაციული ნაბიჯები“ გადადგა.

„გაქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა, გაქვთ თუ არა მონიტორინგის სისტემა და, ბოლოს და ბოლოს, გაქვთ თუ არა კოორდინაციის სისტემა სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული“, – იკითხა მან.

„ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ დარწმუნებულ[ნ]ი, რომ საქართველოს აქვს საკოორდინაციო სისტემა და გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომ არ გადავიქცეთ შავ ხვრელად“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა და დასძინა, რომ „ზეპირსიტყვიერად ეს არ ხდება“.

პრემიერი ოპოზიციას აკრიტიკებს

საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მთელი ამ განცხადებების პათოსი „ჯდება იმ დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა“.

„რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი იქნებოდა პასუხისმგებელი“, – განაცხადა მან.

„თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად“, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას და ხაზი გაუსვა, რომ „ერთადერთი ბერკეტი“, რაც მათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ „რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა“.

მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი გუნდის რიტორიკა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზანი „რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“ იყო.

„ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დაიწყებოდა დესტაბილიზაცია და ქვეყანაში ომი დაიწყებოდა“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ რუსეთისთვის სანქციების თავიდან აცილებაში საქართველოს მხრიდან დახმარების შესახებ „ბინძურ ცილისწამებასაც“ უპასუხა და თქვა, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად „ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული“.

„ეს ადამიანები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, „ჰედლაინი” რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველოში არის შავი ხვრელები“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ.

„ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის [წვრობის] სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით“, – ხაზი გაუსვა მან.

გაიმეორა რა ადრინდელი ბრალდებები, რომ გარკვეული ოპოზიციონერი დეპუტატები  ევროპელ ლიდერებს „ეხვეწებიან“, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელში მას „პირდაპირ“ უთხრეს, რომ ლელოს კიდევ ერთი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი და სხვები „მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს“.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერა

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა „მტკიცე“ მხარდაჭერა გამოხატა „უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1 000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი და „ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას“. ამასთან, მთავრობამ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მლნ აშშ დოლარი.

„უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა“, – დასძინა მან.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ“. აგრეთვე, „წელს, 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე“.

„ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მანვე.

გაიხსენა რა 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ის 14.4%-იანი ზრდა, ასევე საგარეო ვაჭრობის ზრდა და ეროვნული ვალუტის გამყარება, ირაკლი ღარიბასვილმა ოპოზიციას ჰკითხა, თუ აქვთ წარმოდგენა, მთავრობას „ეს სისულელე“ რომ გაეკეთებინა და რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, „რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს?“.

პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს „საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების, თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით მოხდეს აღნიშნული სანქციების რეჟიმის დარღვევა“.

„ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე“, – თქვა მან და დასძინა – „ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით“.

„არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა“, – განმარტა მანვე.

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გასაძლიერებლად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში” გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით განთავსდა რენტგენ-სკანერები და ადგილზე არის სრული კონტროლი“.

„ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე, ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო დონეზე უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს“.

„[უკრაინის მხარდამჭერ] 235 რეზოლუციაზე, ტექსტზე და განცხადებაზე ვართ მიერთებული“, – ხაზი გაუსვა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)