საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 28-29 მაისს იორდანიას ესტუმრა, სადაც მეფე აბდალა II-ს შეხვდა და წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემული 4 000 მ2 მიწის ნაკვეთი მოინახულა.
29 მაისს გამართულ შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მეფე აბდალას უთხრა, რომ საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა იორდანიის მეფემ სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილეს.
იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯამღაიძესთან და იორდანიის პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
„დღეს ისტორიული დღეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის ყველა ქართველისთვის, ალბათ, საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე“.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან თანამშრომლობით ამ ადგილას კულტურის ცენტრს ააშენებს, სადაც „სანათლავიც“ მოეწყობა.
ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის ცენტრით, მთავრობას სურს წარმოაჩიანოს „20-საუკუნოვანი ქრისტიანული კულტურა, ჩვენი ტრადიცია, სულიერება და ფასეულობები“.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზე მდებარეობს.
იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას.
პრემიერმინისტრს იორდანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ახლდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები ისრაელში გაემგზავრნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)