ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო „უკეთ მომზადებულიყო“ წევრობის განაცხადისთვის იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი „სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით“.
ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ბოლო წლებში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ, რაც, მისი თქმით, ნაწილობრივ პოლიტიკურმა კრიზისებმა გამოიწვია და რაზეც ყველა მხარეს აკისრია პასუხისმგებლობა, გაჩნდა კითხვები, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო.
ამ კონტექსტში, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საჯარო რეაგირება მოახდინა 2021 წლის რიგ მოვლენებზე და გაჩნდა კითხვები დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, 5 ივლისის ძალადობისა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების, უმცირესობების უფლებებისა და ჟურნალისტების დაცვის თაობაზე. მისი თქმით, განხორციელდა რიგი ქმედებები, რაც ეწინააღმდეგება სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის დამყარებას. მან ხაზი გაუსვა, რომ ფარული მოსმენების პრაქტიკა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სათანადო დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ პატივისცემას.
„ეს არ არის… მარგინალური მნიშვნელობის მოვლენები“, – განაცხადა ელჩმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ გამოსვლისას. „ყველა მათგანი პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის ძირითად ფასეულობებთან, როგორც ეს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლშია ფორმულირებული“.
„თუმცა თქვენ შეიძლება გინდოდეთ ახსნა-განმარტებები გააკეთოთ ზოგიერთ ამ მოვლენაზე – როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს – ფაქტია, რომ ცვლილებაა საჭირო“, – დასძინა მან. „მნიშვნელოვანია აღქმა, მნიშვნელოვანია ტენდენციები და საქართველომ მიზნად უნდა დაისახოს, რომ დაუბრუნდეს რეგიონის საუკეთესო რეფორმატორის პოზიციას, რისთვისაც მას ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება აქვს“.
- ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, გვარამიას საქმეზე ევროპარლამენტარების შეფასება „მიკერძოებულია“
- ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს
„ცუდი ამბავი ის არის, რომ ვერავის იმედზე ვერ იქნებით, რომ თქვენ ნაცვლად ამ საქმეს გააკეთებს. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ ეს არ გჭირდებათ, რადგან ეს გადაწყვეტილებები ძირითადად თქვენს ხელშია“, – განაცხადა ჰარცელმა.
დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები და სხვა სამომავლო მოვლენები ევროპასა და მსოფლიოში ასევე მოახდენს გავლენას საქართველოს გაწევრიანებაზე. „მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს პროცესი იწყება და მთავრდება თქვენი სწრაფვითა და თქვენი ქმედებებით”, – დასძინა მან.
ელჩმა აღნიშნა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა“, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურაზე და დასძინა, რომ 27-წევრიანი ბლოკი კვლავაც მზად იქნება, დაეხმაროს ქვეყანას ევროპული დღის წესრიგის წინსვლაში.
„გვინდა, რომ საქართველომ სამართლიანი ადგილი იპოვოს ევროპასა და მსოფლიოში“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ „უბრალოდ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!“.
თავის ვრცელ სიტყვაში კარლ ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში კარგ პროგრესს მიაღწია რეფორმების კუთხით და „აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერის“ ტიტულით სარგებლობდა, მისმა გაწევრიანების განაცხადმა „ასევე გაზარდა ფსონები“.
მან აღნიშნა, რომ წევრმა ქვეყნებმა „დიდი ინვესტიცია ჩადეს ევროკავშირში, რათა მსოფლიოში უდიდესი შიდა ბაზარი შეექმნათ და გამხდარიყვნენ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო აქტორი და გლობალურ განვითარებაში დახმარების უდიდესი დონორი“.
გასული ათწლეულების განმავლობაში, წევრმა ქვეყნებმა საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტები გააერთიანეს, რომლებიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ გამოიყენება.
ეს ინვესტიციები არის ის, რაც „აქ სასწორზე დევს“, აღნიშნა მან. „სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი ახალი წევრი არა მხოლოდ სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენს ღირებულებებსა და სტანდარტებს, არამედ საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის კიდევ უფრო გაძლიერებას“.
„პროგრესი ევროკავშირის გაფართოების კუთხით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის იმის საზომი, თუ რამდენად მოსწონს ევროკავშირს კანდიდატი ქვეყანა“, – ხაზი გაუსვა ჰარცელმა. „ეს არის ამ კანდიდატი ქვეყნის მონდომებისა და შესაძლებლობის საზომი, მიიღოს გადაწყვეტილებები და განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ევროპულ გზაზე საიმედო და შეუქცევადი სვლისთვისაა საჭიროა“.
„დროა საქართველო მუშაობას შეუდგეს“
ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ როგორი შედეგიც უნდა ჰქონდეს საქართველოს განაცხადს – „სასურველზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მის გარეშე – დასკვნა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ასეთი – დროა, საქართველო მუშაობას შეუდგეს!“.
„იქნება თუ არა ეს სამუშაო მატარებელზე მისწრება, რომელმაც სადგურიდან გასვლა დაიწყო, თუ იმაში დარწმუნება, რომ მატარებლის ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ, საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ქმედებები იმისათვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრობისთვის დამაჯერებელი განაცხადი გააკეთოს“.
ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ერთიანობა, რომელიც „საჭიროა წარმატებისთვის“, არსებითად ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე ერთობლივი მოწოდებების გათვალისწინებით, „რეალურ პრობლემას წარმოადგენს ყველას ერთ ოთახში შეკრება და დღის წესრიგის ერთობლივად ფორმირება“.
მან ხაზი გაუსვა ერთმანეთის მოსმენის პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთის „მონები, ომის წამქეზებლები, პუტინისტები, მოღალატეები უწოდოთ“.
მისი თქმით, ახლა ერთმანეთის დადანაშაულების დრო არ არის, არამედ საჭიროა ხანგრძლივი თამაშისთვის მომზადება.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს
- მმართველი გუნდი ოპოზიციას კვლავ „ომის გაჩაღების განზრახვაში“ ადანაშაულებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)