ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღია საზოგადოების ფონდი“ გააკრიტიკა, მას შემდეგ, რაც ფონდის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თანაავტორობით სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, პოტენციური კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
ირაკლი კობახიძის 27 მაისის განცხადებით, სტატიამ დაადასტურა, რომ „ღია საზოგადოების ფონდი“ „არსებული ხელმძღვანელობის პირობებში არის გადაქცეული უბრალოდ ომის პარტიის ერთერთ დანამატად“.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის „ასეთ კრიტიკულ დროს“ მსგავსი შინაარსის სტატიის გამოქვეყნება იმის წინააღმდეგ „აგიტაციის“ გაგრძელებაა, რომ „ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“. „ვანო ჩხიკვაძ[ის] ქმედებაც არის ზუსტად ამ ომის პარტიის [ენმ-ის], რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება“.
ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, სტატიის უკან დგას „არეულობის მცდელობა“, იმ შემთხვევისთვის, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ მსგავს პერსპექტივას „არავითარი საფუძველი არ აქვს“, რადგანაც „საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“.
#Georgia's place is in #Europe. That's why our recommendation hurts. Nevertheless, @IvaneChkhikvadz & I argue that granting full candidacy sends wrong signals to the 🇬🇪 gov. Potential candidacy would provide more credible leverage for democratic reforms. https://t.co/Yty2EDY51m
— Sonja Schiffers (@sonjaschiffers) May 25, 2022
სტატიაში, რომლის თანაავტორებიც ვანო ჩხიკვაძე და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი, სონია შიფერსი არიან, ნათქვამია, რომ საქართველო „ბოლო რამდენიმე წელია უკან იხევს“, მათ შორის, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროებში.
თანაავტორებმა ასევე განაცხადეს, რომ „ყველა მხარის პოპულისტურმა რიტორიკამ“ შეუძლებელი გახადა ერთიანი ქმედება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც, როგორიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის სრული კანდიდატობის მინიჭება ხელს შეუშლის ევროკავშირს „დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური ბერკეტები და ძირს გამოუთხრის მის, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული აქტორის სანდოობას“.
თანაავტორები ვარაუდობენ, რომ საქართველოსთვის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირისთვის „ყველაზე გონივრული” გადაწყვეტილებაა. „აშკარაა, რომ საქართველოს განაცხადის გაჭიანურება – რომ აღარაფერი ვთქვათ უარყოფაზე – დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში და არალიბერალურ და ანტიევროპულ ტენდენციებს გააძლიერებს“.
თანაავტორებმა ალბანეთთან დაკავშირებით ევროკომისიის 2010 წლის მოსაზრება მოიშველიეს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირს შეუძლია საქართველოს სრული კანდიდატობის მინიჭებას დაჰპირდეს და გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყოს, რაც ის გააუმჯობესებს თავის მაჩვენებლებს. „ეს სავარაუდოდ ზეწოლას მოახდენს ქართულ ოცნებაზე, რომ დემოკრატიზაციის გზას დაუბრუნდეს და ზოგიერთი ძირითადი დემოკრატიული პრობლემა გადაჭრას“.
„ღია საზოგადოების ფონდის“ პასუხი
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებებს 27 მაისსვე უპასუხა „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა და თქვა, რომ „ირაკლი კობახიძის განცხადება პროპაგანდისტულია და პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები „ღია საზოგადოების ფონდს გადააბრალოს““.
„„ღია საზოგადოების ფონდისთვის“ საქართველოს ევროინტეგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, – თქვა მან და დასძინა, რომ „სწორედ ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ახლავე და არა 2024 წელს გაეკეთებინა“.
„მოგვიანებით კი – დახმარებაც შესთავაზა კითხვარის შევსებაში, რომ არ შეფერხებულიყო ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის“, – ხაზი გაუსვა ხუციშვილმა.
მანვე განმარტა, რომ „უკვე ათწლეულებია, ფონდი აქტიურად არის ჩართული ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ადვოკატირებაში“.
მოგვიანებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე ვანო ჩხიკვაძემ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, მის მოსაზრებას „აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვია“ და არა მისი „ლანძღვა“.
მანვე ის საკითხები დაასახელა, რაც მისივე თქმით, ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით კონსენსუსის არარსებობას განაპიროებებს. ესენია: 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება; „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა.
„ეს ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ვბრაზდებით, თუ ასე შემდეგ, ეს სხვა ამბავია, მაგრამ რეალობა არის ასეთი“, – თქვა ჩხიკვაძემ და დასძინა – „ამის გამო, მე, არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ ადამიანი, რომელიც ამ პროცესს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე [კონსენსუსი] არ არის, ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რომელიც თეორიაშიც და პრაქტიკაშიც არსებობს“.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასების კითხვარის მეორე, ბოლო ნაწილი 10 მაისს წარადგინა. ევროკომისიამ მოსაზრება უახლოეს კვირებში უნდა წარადგინოს, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 24-25 ივნისის სამიტზე უნდა მიიღონ.
ასევე წაიკითხეთ:
- კარლ ჰარცელი: საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებულიყო წევრობის განაცხადისთვის
- ოპოზიციამ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა
- „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ – სამოქალაქო საზოგადოების ახალი ინიციატივა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)