რა მოხდა?
ევროკავშირის მეთაურებმა გუშინ გვიან ღამით შეათანხმებს სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვას 2/3-ით შეაჩერებს.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
უნგრეთის თავკაცის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, უნგრეთისთვის გამონაკლისი დაუშვეს. შეთანხმებას 26 დღე დასჭირდა.
რა მოტივი ჰქონდა ორბანს?
ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ მისი ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ნავთობს მხოლოდ რუსული ნავთობსადენიდან იღებს, ამიტომაც სრული ემბარგო ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებდა. ევროკავშირი სანაცვლოდ ორწლიან გადავადებას და 800 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ორბანი მაინც გაჯიუტდა. შედეგად, მან გამონაკლისი დაიბევა, თანაც დროითი შეზღუდვის გარეშე. ევროკავშირი ასევე დათანხმდა ხორვატიასთან დამაკავშირებელი ნავთობსადენის დაფინანსებას, რაც ალტერნატიულ წყაროს გაუჩენს უნგრეთს. ეს ორბანის – რომელსაც დღეს 59 წელი შეუსრულდა – დიდი პოლიტიკური გამარჯვებაა და სახლშიც გაუმაგრებს პოზიციებს.
რა მიიღო ევროკავშირმა?
კომპრომისის მიღწევის იმედი ბოლო წამამდე ევროკომიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს არ ჰქონდა. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, თავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო-მიმართვამ და, როგორც ამბობენ, საფრანგეთ/გერმანიის შეთანხმებულმა მოქმედებამ თავისი საქმე გააკეთეს.
შედეგად, რუსეთი თითქმის დაუყოვნებლივ დაკარგავს სანავთობო შემოსავლის თითქმის 2/3-ს, რადგან ნავთობსადენით დაახლოებით მესამედი გადის.
მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისი ყველა ნავთობსადენს ეხება, გერმანიამ და საფრანგეთმა ნებაყოფლობით თქვეს, წლის ბოლომდე “დრუჟბას” ჩრდილო განშტოებიდან ნავთობს აღარ შევისყიდითო. ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოს ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი 90%-ით იკლებს.
რა გვიჩვენა დისკუსიამ?
ევროკავშირი უახლოვდება სანქციების ამოწურვის ზღვარს. ესტონეთმა ამავე შეხვედრაზე შესთავაზა კოლეგებს მეშვიდე პაკეტის განხილვა, თუმცა ამის სურვილი არავის ჰქონდა. ცხადია ისიც, რომ ორბანის უნგრეთის წარმატებამ შეიძლება სხვებსაც გაუჩინოს უკრაინის თემით სპეკულირების და ბრიუსელისგან (და, ეგებ, მოსკოვისაგანაც) დათმობების და გამონაკლისების გამოთხოვნის სურვილი.
კიდევ რამე ახალი სანქცია დაწესდა?
ამავე პაკეტით, ევროკავშირმა ელექტრონული გაცვლის სისტემიდან (SWIFT) გათიშა უდიდესი რუსული ბანკი “სბერბანკი”. პირადი სანქციები შეეხო მოსკოვის პატრიაქ კირილეს ომის წაქეზებისათვის. პირადი სანქციები დაუწესდათ ბუჩასა და სხვა ქალაქებში ძალადობაში ეჭვმიტანილ სამხედროებს და მეთაურებს. ასევე დაიხურება კიდევ სამი რუსული ტელეარხი, რომელი ევროპაში კრემლის ტყუილებს ავრცელებს.