საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტმა დაადგინა, რომ მთავრობამ ვალდებულების გადასახადის სახით 5.8 მილიონი ლარი გადაიხადა, 12 საინვესტიციო პროექტისთვის საგარეო წყაროებიდან მოზიდული კრედიტების 60%-ზე დაბალი ათვისების გამო.
ამ თანხიდან საქართველოს 2.7 მილიონი ლარის გადახდა მოუწია ხუთ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით, რომლებზეც სახელმწიფომ საერთოდ არაფერი დახარჯა, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 25 მაისს გამოქვეყნდა.
რაც შეეხება დანარჩენ 7 პროექტს, რომლებისთვისაც საქართველოს მთავრობას ასევე უნდა გადაეხადა ვალდებულების გადასახადი, აუდიტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტით გათვალისწინებული უცხოური სახსრების 50%-ზე მეტი მხოლოდ ორ პროექტზე დახარჯა.
ორი უმსხვილესი გადასახადი მთავრობას სამ პროექტზე დაეკისრა, მათ შორისაა ხაშურში და მიმდებარე დასახლებებში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელიც ევროკავშირმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) დააფინანსეს; წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ინსტიტუტმა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდმა დააფინანსეს.
რაც შეეხება ხაშურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტს, ხელისუფლებამ გამოყოფილი 1.2 მლნ ლარიდან არაფერი დახარჯა და შესაბამისად, 1.18 მლნ ლარის ვალდებულების გადასახადის გადახდა დაეკისრა.
რაც შეეხება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, ხელისუფლებამ 86 ათასი ლარი დახარჯა, რაც გამოყოფილი 6.7 მლნ ლარის 1,3%-ია; შედეგად, მას 1.12 მლნ ლარის ვალდებულების გადასახადის გადახდა დაეკისრა.
მთლიანობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 70%-ზე ნაკლები 95 მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტიდან 32-ზე გამოიყენა. მისივე თქმით, 10 პროგრამას იგივე პრობლემა 2020 წელსაც დაუფიქსირდა.
„დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებები, თავის მხრივ, პროექტების განხორციელების პროცესზე ახდენს გავლენას და აუთვისებელი რესურსში ან ფაქტობრივი ხარჯების გეგმაზე გადაჭარბებაში გამოიხატება“, – ნათქვამია ანგარიშში.
2019 წლიდან მოყოლებული საქართველო სულ 20.2 მლნ ლარით დაჯარიმდა უცხოური საკრედიტო სახსრების გამოუყენებლობის გამო; 2020 წელს ქვეყანა 9.6 მლნ ლარით, ხოლო 2019 წელს 4.8 მლნ ლარით დაჯარიმდა.
ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში კრიტიკის სამიზნე გახდა
27 მაისს პარლამენტში დაბარებული ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აუდიტის დასკვნის გამო ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის კრიტიკის სამიზნე გახდა.
გოცირიძემ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს შორის ასევე მოიხსენია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული Log-in Georgia-ს საქმე, რომლისთვისაც ხელისუფლებამ გამოყოფილი 2.1 მლნ ლარიდან მხოლოდ 8.9% დახარჯა. შედეგად, მას 325 000 ლარის ვალდებულების გადასახადის გადახდა დაეკისრა.
მინისტრმა დავითაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ პროექტი გაჭიანურდა, რადგან ის საქართველოს მასშტაბით უნდა შეფასებულიყო. „კონკრეტულ ლოტზე პროცენტი დარიცხულია მსოფლიო ბანკის კონკრეტული პროცედურების მიხედვით, მაგრამ არანაირი ჯარიმა, ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს სახელმწიფოს არ გადაუხდია“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის შესაძლო ნიშნები გამოავლინა
- აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააგენტოში საეჭვო გადარიცხვები გამოავლინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)