ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა უარყო ქართული ოცნებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცება, რომ ბრიუსელში ვიზიტების დროს ოპოზიცია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებდა.
ევროპარლამენტარს კონკრეტულად მმართველი პარტია არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ როდესაც იგი მაისში ლელოს და პარტია საქართველოსთვის წევრებს შეხვდა, „ორივემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობა მოითხოვა, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგანაც „ეს ქვეყნისთვის ისტორიული შანსია და პარტიულ პოზიციაზე მაღლა დგას““.
ევროპარლამენტარის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, 27 მაისს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ევროკავშირისკენ საქართველოს მისწრაფებების წინააღმდეგ სავარაუდო კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.
ანალოგიური მოსაზრება პრემიერმა 22 მაისსაც გამოთქვა, როდესაც აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროკავშირის „ძალიან ცნობილმა ლიდერებმა“ მას უთხრეს, რომ ოპოზიციის ლიდერები ევროპის დედაქალაქში საქართველოს კანდიდატობაზე „პოზიტიურ გადაწყვეტილებას“ ეწინააღმდეგებოდნენ.
მომდევნო დღეს, 23 მაისს მსგავსი ბრალდება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააჟღერა.
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ მმართველი პარტია წინასწარ ცდილობს პასუხისმგებლობა ოპონენტებს დააკისროს იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასების კითხვარის მეორე, ბოლო ნაწილი 10 მაისს წარადგინა. ევროკომისიამ მოსაზრება უახლოეს კვირებში უნდა წარადგინოს, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 24-25 ივნისის სამიტზე უნდა მიიღონ.
ასევე წაიკითხეთ:
- ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანს პასუხობს
- თეა წულუკიანი „ნაც“ ევროპარლამენტარებსა და აშშ-ის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)